დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1875-1876 წ. წ.
გამოქვეყნებული: პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება ხელნაწერის მიხედვით.].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ბუნების თანამედროვე კვლევა, ერთადერთი კვლევა, რომელმაც მეცნიერულ, სისტემატურ, ყოველმხრივ განვითარებას მიაღწია, წინააღმდეგ ანტიკურ მოაზროვნეთა გენიალური ნატურფილოსოფიური ინტუიციებისა და არაბების უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ სპორადული და მეტნაწილად უშედეგოდ გამქრალი აღმოჩენებისა, — ბუნების თანამედროვე კვლევა, ისე როგორც მთელი ახალი ისტორია, იმ მძლავრი ეპოქიდან თარიღდება, რომელსაც ჩვენ, გერმანელები, იმ დროს ჩვენს თავს დამტყდარი ნაციონალური უბედურების გამო, რეფორმაცია, ვუწოდებთ, ფრანგები — რენესანსს, ხოლო იტალიელები ჩინკვეჩენტოს[1] უწოდებენ, და რომელსაც ვერც ერთი ეს სახელწოდება ამომწურავად ვერ გამოხატავს. ეს არის ის ეპოქა, რომელიც მე-15 საუკუნის მეორე ნახევრით იწყება. მეფის ხელისუფლებამ, მოქალაქეებზე დაყრდნობით, ფეოდალური თავადაზნაურობის ძლიერება გასტეხა და დიდი, არსებითად ეროვნებაზე დაფუძნებული მონარქიები დაამკვიდრა, რომლებშიაც ევროპის თანამედროვე ერები და თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება განვითარდა; და მაშინ როდესაც მოქალაქენი და თავად-აზნაურნი ჯერ კიდევ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, გერმანიის გლეხთა ომმა წინასწარმეტყველურად მიუთითა მომავალ კლასობრივ ბრძოლებზე, ვინაიდან ამ ომმა სცენაზე გამოიყვანა არა მარტო აჯანყებული გლეხები — ეს ახალი ამბავი აღარ იყო, — არამედ მათ უკან გამოჩნდნენ თანამედროვე პროლეტარიატის წინამორბედნი, რომელთაც ხელში წითელი დროშა ეჭირათ და პირზე ქონების ერთობის მოთხოვნა ეკერათ. ბიზანტიის დაცემისას გადარჩენილი ხელნაწერებიდან, რომის ნანგრევებიდან ამოთხრილი ანტიკური ქანდაკებებიდან გაკვირვებული დასავლეთის წინაშე წარმოსდგა ახალი ქვეყანა, ბერძნული ანტიკურობა; მისი ნათელი სახეების წინაშე გაჰქრნენ შუა საუკუნეების მოჩვენებანი; იტალიაში ხელოვნებამ ჯერარნახულ აყვავებას მიაღწია, რომელიც მოგვევლინა როგორც კლასიკური ანტიკურობის ანარეკლი და რომლისთვისაც შემდეგში არასოდეს აღარ მიუღწევია. იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში წარმოიშვა ახალი, პირველი თანამედროვე ლიტერატურა; ამის შემდეგ მალე ინგლისმა და ესპანეთმა განიცადეს თავიანთი ლიტერატურის კლასიკური ეპოქა. ძველი “Orbis terrarum”-ის[2] ზღუდეები გაირღვა; მხოლოდ ახლა იქნა დედამიწა ნამდვილად აღმოჩენილი; საფუძველი ჩაიყარა შემდგომი მსოფლიო ვაჭრობისათვის და ხელოსნობის მანუფაქტურაში გადასასვლელად, რაც თავის მხრივ თანამედროვე მსხვილი ინდუსტრიის გამოსავალ წერტილს წარმოადგენდა. ეკლესიის სულიერი დიქტატურა დაიმსხვრა; გერმანელ ხალხთა უმრავლესობამ პირდაპირ უკუაგდო იგი და პროტესტანტიზმი მიიღო, მაშინ, როდესაც რომანულ ხალხებში უფრო და უფრო ფესვს იდგამდა არაბებისაგან გადმოღებული და ახლად აღმოჩენილი ბერძნული ფილოსოფიის მიერ ნასაზრდოები ნათელი, თავისუფალი აზროვნება, რომელიც მე-18 საუკუნის მატერიალიზმს ამზადებდა.
ეს იყო უდიდესი პროგრესული გადატრიალება, როგორიც კი მანამდე კაცობრიობას განუცდია, ეს იყო დრო, რომელსაც ბუმბერაზები ესაჭიროებოდა და რომელმაც ბუმბერაზები წარმოშვა, ბუმბერაზები აზრის სიძლიერით, გზნებითა და ხასიათით, მრავალმხრივობითა და განსწავლულობით. ადამიანები, რომლებიც ბურჟუაზიის თანამედროვე ბატონობას ამყარებდნენ, ყველაფერი იყვნენ, მაგრამ ბურჟუაზიულად შეზღუდულნი არ ყოფილან. პირიქით, მათ მეტნაკლებად აჩნდათ თავიანთი დროის ავანტიურისტული ხასიათი. იმ დროს არ ცხოვრობდა თითქმის არც ერთი ღირსშესანიშნავი ადამიანი, რომელიც შორეულ მოგზაურობაში არ ყოფილიყოს, რომელსაც ოთხ-ხუთ ენაზე ლაპარაკი არ შეძლებოდეს, რომელიც რამდენიმე სპეციალობაში ბრწყინვალედ არ გამოჩენილიყოს. ლეონარდო და ვინჩი მარტო დიდი მხატვარი როდი იყო, იგი ამასთან ერთად დიდი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ინჟინერიც იყო, რომლის წყალობით ფიზიკას სხვადასხვა ნაწილში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვს მოპოვებული; ალბრეხტ დიურერი იყო მხატვარი, გრავიორი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი და, გარდა ამისა, მან გამოიგონა ფორტიფიკაციის სისტემა, რომელიც უკვე შეიცავდა ზოგ ისეთ იდეებს, რომლებიც გაცილებით უფრო გვიან ხელახლა წამოაყენა მონტალამბერმა და უახლესმა გერმანულმა საფორტიფიკაციო მოძღვრებამ. მაკიაველი იყო სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პოეტი და ამასთანავე ახალი დროის პირველი, მოხსენების ღირსი, სამხედრო მწერალი. ლუთერმა გასწმინდა არა მარტო ეკლესიის ავგიას საჯინიბე, არამედ გერმანული ენისაც, მან შეჰქმნა თანამედროვე გერმანული პროზა და იმ გამარჯვების რწმენით სავსე ქორალის ტექსტი და მელოდია შეთხზა, რომელიც მე-16 საუკუნის მარსელიეზად იქცა. იმდროინდელი გმირები ჯერ კიდევ არ ჰყავდა დამონებული შრომის დანაწილებას, რომლის შემზღუდავ, გამაცალმხრივებელ ზეგავლენას ჩვენ ასე ხშირად ვამჩნევთ მათს შთამომავლობას. მაგრამ განსაკუთრებით დამახასიათებელი მათთვის მაინც ის არის, რომ ისინი, თითქმის ყველანი, მათი დროინდელი მოძრაობის შუაგულში ტრიალებენ, პრაქტიკულ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, ამა თუ იმ პარტიის მხარეზე დგანან და მასთან ერთად იბრძვიან, ვინ სიტყვითა და კალმით, ვინ ხმლით, ხოლო ვინ კიდევ ორივეთი ერთად. აქედან წარმოდგება ხასიათის ის სისრულე და ძალა, რომელიც მათ მთლიან ადამიანებად ხდის. კაბინეტის სწავლულნი გამონაკლისს შეადგენდნენ: ასეთნი იყვნენ ან მეორე და მესამე რანგის ადამიანები ანდა ფრთხილი ფილისტერები, რომელთაც თითების დაწვა არ სურთ.
ბუნების კვლევაც მაშინ საყოველთაო რევოლუციის ვითარებაში მიმდინარეობდა და თვითონაც თავიდან ბოლომდე რევოლუციური იყო; მას ჯერ კიდევ ბრძოლით უნდა მოეპოვებინა არსებობის უფლება. ხელიხელჩაკიდებული დიდ იტალიელებთან, რომლებითაც ახალი ფილოსოფიის დასაწყისი თარიღდება, იგი თავის წამებულთ იძლევა ინკვიზიციის კოცონებისა და საპყრობილეებისათვის. და დამახასიათებელია, რომ პროტესტანტებმა დაასწრეს კათოლიკებს ბუნების თავისუფალი კვლევის დევნაში. კალვინმა დასწვა სერვეტი, როდესაც ამ უკანასკნელს ის იყო უნდა აღმოეჩინა სისხლის მიმოქცევის პროცესი; ამასთან იგი ორი საათის განმავლობაში ცოცხლად იწვოდა კალვინის ბრძანებით. ინკვიზიცია ყოველ შემთხვევაში იმით დაკმაყოფილდა, რომ ჯორდანო ბრუნო უბრალოდ დასწვა.
რევოლუციური აქტი, რომლითაც ბუნების კვლევამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, თითქოს, ლუთერის მიერ პაპის ბულის დაწვა გაიმეორა, იმ უკვდავი ნაწარმოების გამოცემა იყო, რომლითაც კოპერნიკმა, თუმცა მოკრძალებით და, ასე ვთქვათ, სიკვდილის სარეცელზე, საბრძოლველად გამოიწვია ეკლესიის ავტორიტეტი ბუნების საკითხებში. აქედან იწყება ბუნების კვლევის თეოლოგიისაგან განთავისუფლების თარიღი, თუმცა მათი ცალკეული საურთიერთო პრეტენზიების გარკვევამ ჩვენს დრომდეც კი მოაღწია და ზოგიერთის თავში იგი დღესაც არ დამთავრებულა. მაგრამ ამავე დროიდან გიგანტური ნაბიჯებით წავიდა წინ აგრეთვე მეცნიერებათა განვითარებაც, რომელიც ძლიერდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი გამოსავალი წერტილიდან (დროული) დაშორების კვადრატული პროპორციის შესაბამისად. თითქოს ქვეყნისათვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ ამიერიდან ორგანული მატერიის უმაღლესი პროდუქტისათვის, ადამიანის გონებისათვის ძალა აქვს მოძრაობის ისეთ კანონს, რომელიც არაორგანული ნივთიერების მოძრაობის შებრუნებულ კანონს წარმოადგენსო.
ბუნებისმეტყველების ახლად დაწყებულ პირველ პერიოდში მთავარი სამუშაო ხელთარსებული მასალის დაუფლება იყო. ძალიან ბევრ სფეროში საქმე სრულიად დაუმუშავებელი ნედლი მასალით უნდა დაწყებულიყო. ანტიკურობამ ევკლიდე და პტოლომეს მზის სისტემა დაგვიტოვა, არაბებმა — ათწილადი აღნიშვნა, ალგებრის საწყისები, თანამედროვე რიცხვები და ალქიმია; ქრისტიანულ შუა საუკუნეებს კი სულ არაფერი დაუტოვებია. ამ ვითარებაში უელემენტარეს ბუნებისმეტყველებას, მიწიერ და ციურ სხეულთა მექანიკას, აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დაეჭირა, ხოლო მის გვერდით და მის სამსახურში მათემატიკური მეთოდების აღმოჩენას და გაუმჯობესებას. აქ დიდი საქმეები შესრულდა. ამ პერიოდის დასასრულს, რომელიც ნიუტონისა და ლინეის სახელებითაა აღნიშნული, ჩვენ ვხედავთ, რომ მეცნიერების ეს დარგები გარკვეულ დასრულებამდეა მიყვანილი. ყველაზე არსებითი მათემატიკური მეთოდები ძირითად ხაზებში უკვე დადგენილია: ანალიზური გეომეტრია — უმთავრესად დეკარტეს მიერ, ლოგარითმები — ნეპერის მიერ, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა — ლაიბნიცის მიერ და შეიძლება ნიუტონის მიერ. იგივე ითქმის მყარ სხეულთა მექანიკაზეც, რომლის მთავარი კანონები ერთხელ და სამუდამოდ გაშუქებული იყო. დასასრულ, მზის სისტემის ასტრონომიაში კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტათა მოძრაობის კანონები, და ნიუტონმა ეს კანონები ჩამოაყალიბა მატერიის მოძრაობის ზოგადი კანონების თვალსაზრისით. ბუნებისმეტყველების სხვა დარგები ჯერ კიდევ ძალიან შორს იყვნენ ასეთი წინასწარი დასრულებულობისაგანაც კი. თხევადი და აირისებური სხეულების მექანიკა უფრო ამ პერიოდის დასასრულისათვის იქნა დამუშავებული <ტორიჩელი, ალპიური მთების ნაკადების რეგულირების თაობაზე>[3]. საკუთრივ ფიზიკა ჯერ კიდევ ვერ გასცდა პირველ საწყისებს, ოპტიკის გამოკლებით, რომლის განსაკუთრებული მიღწევები ასტრონომიის პრაქტიკული საჭიროებით იყო გამოწვეული. ქიმია ის იყო განთავისუფლდა ალქიმიისაგან ფლოგისტონის თეორიის წყალობით.[4] გეოლოგია ჯერ კიდევ არ გაშორებოდა მინერალოგიის ემბრიონულ საფეხურს; მაშასადამე, პალეონტოლოგია ჯერ არც შეიძლებოდა არსებულიყო. დასასრულ, ბიოლოგიის სფეროში ჯერ კიდევ არსებითად უზარმაზარი, როგორც ბოტანიკური და ზოოლოგიური, ისე ანატომიური და საკუთრივ ფიზიოლოგიური, მასალის დაგროვებასა და პირველ სისტემატიზაციას ეწეოდნენ. ჯერ კიდევ თითქმის ლაპარაკიც არ შეიძლებოდა სიცოცხლის ფორმების ერთმანეთთან შედარებაზე, მათი გეოგრაფიული გავრცელების, მათი კლიმატოლოგიური და სხვა სასიცოცხლო პირობების გამოკვლევაზე. აქ მხოლოდ ბოტანიკამ და ზოოლოგიამ მიაღწია დაახლოებით დასრულებულობას ლინეის წყალობით.
მაგრამ ის, რაც ამ პერიოდს განსაკუთრებით ახასიათებს თავისებური საერთო მსოფლმხედველობის გამომუშავებაა, რომლის ცენტრს წარმოადგენს შეხედულება ბუნების აბსოლუტურ უცვლელობაზე. ამ შეხედულების თანახმად, რა გზითაც არ უნდა წარმოშობილიყო თვით ბუნება: იგი, ერთხელ მოცემული, თავისი არსებობის მანძილზე ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. პლანეტები და მათი თანამგზავრნი, იდუმალი “პირველი ბიძგით” ერთხელ მოძრაობაში მოყვანილნი, განაგრძობდნენ ბრუნვას მათთვის მიკუთვნილ ელიპსებზე მარადისობიდან მარადისობამდე ანდა, ყოველ შემთხვევაში, ყველა ნივთთა დასასრულამდე. ვარსკვლავები სამუდამოდ მტკიცედ და უძრავად განისვენებდნენ თავიანთ ადგილებზე და ერთმანეთს ამ მდგომარეობაში “საყოველთაო მიზიდულობით” აჩერებდნენ. დედამიწა იმთავითვე თუ მისი შექმნის დღიდან (თვალსაზრისის მიხედვით) უცვლელად ერთი და იგივე დარჩა. ქვეყნის ახლანდელი “ხუთი ნაწილი” ყოველთვის არსებობდა, ყოველთვის არსებობდნენ იგივე მთები, ველები და მდინარეები, იგივე ჰავა, იგივე ფლორა და ფაუნა, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რაც ადამიანის ხელს შეუცვლია ან გადაუნერგავს. მცენარეთა და ცხოველთა სახეები მათი წარმოშობისთანავე ერთხელ და სამუდამოდ იყო დადგენილი, თანაბარი მუდამ თანაბარს წარმოშობდა, და ისიც კი უკვე დიდი საქმე იყო, როდესაც ლინეი აღიარებდა, რომ აქა თუ იქ შეჯვარების გზით შეძლებისდაგვარად ახალი სახეები შეიძლება წარმოშობილიყვნენო. წინააღმდეგ კაცობრიობის ისტორიისა, რომელიც დროში ვითარდება, ბუნების ისტორიას მხოლოდ სივრცეში გაშლას მიაწერდნენ. უარყოფდნენ ყოველგვარ ცვლილებას, ყოველგვარ განვითარებას ბუნებაში. დასაწყისში ესოდენ რევოლუციური ბუნებისმეტყველება უეცრივ თავიდან ბოლომდე კონსერვატული ბუნების წინაშე აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი დღესაც ისეა, როგორც თავიდან იყო და სადაც ყველაფერი სამყაროს დასასრულამდე თუ მარადის ისე უნდა დარჩენილიყო, როგორც დასაბამიდან იყო.
რამდენადაც მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის ბუნებისმეტყველება ბერძნულ ანტიკურობაზე მაღლა იდგა ცოდნისა და თვით მასალის სისტემატიზაციის მხრივაც კი, ამდენადვე მასზე ბევრად დაბლა იდგა ამ მასალების იდეური დაუფლების, ბუნების ზოგადი განჭვრეტის თვალსაზრისით. ბერძენი ფილოსოფოსებისათვის სამყარო არსებითად ქაოსიდან წარმომდგარი რაღაც იყო, განვითარებაში მყოფი, რაღაც ქმნილი. ჩვენს მიერ განხილული პერიოდის ბუნების მკვლევართათვის კი, სამყარო იყო რაღაც გაქვავებული, რაღაც უცვლელი, ხოლო უმეტესობისათვის — ერთი დაკვრით გაკეთებული რაღაც. მეცნიერება ჯერ კიდევ ღრმად იყო ჩაფლული თეოლოგიაში. იგი ყველგან ეძებს და კიდევაც ჰპოვებს ბიძგს გარედან როგორც უკანასკნელ მიზეზს, რომელიც თვითონ ბუნებიდან ვერ აიხსნება. თუ ნიუტონის მიერ ზარზეიმით საყოველთაო გრავიტაციის სახელწოდებით მონათლული მიზიდულობა გაგებული იქნება როგორც მატერიის არსებითი თვისება, მაშინ საიდან მოდის აუხსნელი ტანგენციალური ძალა, რომელიც პირველად ანხორციელებს პლანეტების მოძრაობას ორბიტებზე? როგორ წარმოიშვნენ მცენარეთა და ცხოველთა უთვალავი სახეობანი? და განსაკუთრებით როგორ წარმოიშვა თვითონ ადამიანი, რომლის მიმართ მაინც მტკიცედ იყო დადგენილი, რომ იგი მარადისობიდან არ არსებობდა? ყველა ამგვარ კითხვას ბუნებისმეტყველება ხშირად მხოლოდ იმით პასუხობდა, რომ ყველა ამაებისათვის პასუხისმგებლად ყველა ნივთთა შემოქმედს აცხადებდა. ამ პერიოდის დასაწყისში კოპერნიკმპა თეოლოგიას გამოსათხოვარი ბარათი მიართვა; ნიუტონი ამ პერიოდს ღვთაებრივი პირველი ბიძგის პოსტულატით ამთავრებს. უმაღლესი ზოგადი აზრი, სადამდისაც ამ ბუნებისმეტყველებამ მიაღწია, იყო აზრი ბუნების დანაწესის მიზანშეწონილებისა, უშნო ვოლფიანური ტელეოლოგია, რომლის, თანახმად კატები იმისათვის იყვნენ გაჩენილი, რომ თაგვები შეეჭამათ, თაგვები იმისათვის, რომ კატებს შეეჭამათ, ხოლო მთელი ბუნება კი იმისთვის, რომ შემოქმედის სიბრძნე დაემტკიცებინა. იმდროინდელი ფილოსოფიის უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან თავისი დროის ბუნებისმეტყველური ცოდნის შეზღუდულ მდგომარეობას თავი შეცდომაში არ შეაყვანინა და სპინოზადან დაწყებული დიდ ფრანგ მატერიალისტებამდე დაჟინებით ცდილობდა, რომ სამყარო თვით მისგანვე აეხსნა, ხოლო ამის დეტალურ გამართლებას მომავლის ბუნებისმეტყველებას უტოვებდა.
მეთვრამეტე საუკუნის მატერიალისტებსაც მე ჯერ კიდევ ამ პერიოდს მივაკუთვნებ, რადგან მათ განკარგულებაში არავითარი სხვა საბუნებისმეტყველო მასალა არ მოიპოვებოდა, გარდა ზემოთ აღწერილისა. კანტის თხზულება, რომელმაც ეპოქა შექმნა, მათთვის საიდუმლოებად დარჩა, ლაპლასი კი მათ შემდეგ მოვიდა დაგვიანებით. ნუ დავივიწყებთ, რომ თუმცა მეცნიერების წინსვლამ ყველა კუთხესა და გზაჯვარედინზე სრულიად შეარყია ეს მოძველებული შეხედულება ბუნებაზე, მაგრამ იგი მაინც მეცხრამეტე საუკუნის მთელს პირველ ნახევარზე ბატონობდა და არსებითად ახლაც ისწავლება ყველა სკოლაში.[5]
ეს გაქვავებული შეხედულება ბუნებაზე პირველად გაარღვია არა ბუნების მკვლევარმა, არამედ ფილოსოფოსმა. 1755 წელს გამოქვეყნდა კანტის “ცის ზოგადი ბუნებრივი ისტორია და თეორია”. პირველი ბიძგის საკითხი უკუგდებულ იქნა, დედამიწა და მთელი მზის სისტემა მოგვევლინა როგორც დროის მიმდინარეობაში წარმოშობილი რამ. ბუნებისმკვლევართა დიდ უმრავლესობას რომ ნაკლებად ჰქონებოდა შიში აზროვნების წინაშე, რაც ნიუტონმა გამოთქვა გაფრთხილებით: ფიზიკავ, ერიდე მეტაფიზიკასო! — მაშინ მათ კანტის მარტო ამ ერთი გენიალური აღმოჩენიდან ისეთი დასკვნები უნდა გამოეყვანათ, რომლებიც მათ დაუსრულებელ მრუდ გზებზე ხეტიალისაგან გაანთავისუფლებდა და მცდარი მიმართულებით დახარჯულ უამრავ დროსა და შრომას დააზოგვინებდა. ვინაიდან კანტის აღმოჩენაში მართლაც მოიპოვებოდა გამოსავალი წერტილი მთელი შემდგომი წინსვლისათვის. თუ დედანიწა წარმოშობილი რამ იყო, მაშინ მისი აწმყო გეოლოგიური, გეოგრაფიული, კლიმატური მდგომარეობაც, მისი მცენარეები და ცხოველებიც აგრეთვე წარმოშღბილი რამ უნდა ყოფილიყენენ, მას ისტორია უნდა ჰქონებოდა, არა მარტო სივრცეში ერთი მეორის გვერდით, არამედ დროშიაც ერთი მეორის შემდეგ. ამ მიმართულებით მაშინვე გაბედულად რომ ეწარმოებინათ კვლევა-ძიებანი, ბუნებისმეტყველება დღეს მნიშვნელოვნად წინ იქნებოდა წასული, ვიდრე არის. მაგრამ აბა რა სიკეთე შეიძლებოდა ფილოსოფიიდან წარმომდგარიყო? კანტის თხზულება ისე დარჩა, რომ უშუალო შედეგი არ მოჰყოლია იქამდე, ვიდრე ხანგრძლივი წლების შემდეგ ლაპლასი და პერშელი მის შინაარსს განავითარებდნენ და უფრო ზედმიწევნით დაასაბუთებდნენ და ამით “ნისლოვანების ჰიპოთეზას”[6] თანდათან პატივისცემასა და აღიარებას მოუპოვებდნენ. შემდეგმა აღმოჩენებმა ამ ჰიპოთეზს საბოლოოდ გამარჯვება მიანიჭა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო: უძრავ ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობის დადგენა, მსოფლიო სივრცეში წინამღობი გარემოს არსებობის დამტკიცება, სპექტრალური ანალიზით დადგენილი ქიმიური იგივეობა მსოფლიო მატერიისა და ისეთი გავარვარებული ნისლოვანი მასების არსებობა, როგორც მათ კანტი გულისხძობდა < ასევე კანტის მიერ აღმოჩენილი მიმოქცევის ტალღის დამამუხრუჭებელი მოქმედება დედამიწის ბრუნვაზე მხოლოდ ახლაა შეგნებულ-შეთვისებული >.
მაგრამ შეიძლება დავეჭვდეთ იმაში, რომ ბუნების მკვლევართა უმრავლესობას ასე მალე შეეგნო ეს წინააღმდეგობა ცვალებად დედამიწასა და მასზე არსებულ ვითომდა უცვლელ ორგანიზმებს შორის, უკეთუ სხვა მხრიდან არ მიეღო დახმარება შეგნების გზაზე დამდგარ იმ შეხედულებას, რომ ბუნება არა მხოლოდ არსებობს, არამედ ქმნადობისა და წარმავალობის პროცესშია. წარმოიშვა გეოლოგია და მან აღმოაჩინა არა მარტო ერთი მეორის შემდეგ შექმნილი და ერთი მეორეზე დალაგებული ფენები მიწისა, არამედ მანვე აღმოაჩინა ამ ფენებში დაცული ნიჟარები და ჩონჩხები უკვე ამომწყდარ ცხოველთა, ღეროები, ფოთლები და ნაყოფები ისეთ მცენარეთა, რომლებიც დღეს აღარ გვხვდებიან. უნდა გაებედათ და ეღიარებინათ, რომ არა მარტო საერთოდ და მთლიანად აღებულ დედამიწას ჰქონდა დროში გაშლილი ისტორია, არამედ მის ახლანდელ ზედაპირსაც და მასზე მცხოვრებ მცენარეებსა და ცხოველებსაც. თავიდან ამის აღიარება საკმაოდ უხალისოდ ხდებოდა. კიუვიეს თეორია დედამიწის რევოლუციების შესახებ რევოლუციური იყო ფრაზით, საქმით კი რეაქციული. ერთი ღვთაებრივი შემოქმედების ადგილას ეს თეორია განმეორებითი შემოქმედების აქტების მთელ რიგს აყენებდა და სასწაულს ბუნების არსებით ბერკეტად ხდიდა. პირველად მხოლოდ ლიაიელმა შეიტანა საღი გაგება გეოლოგიაში იმით, რომ უეცარი, შემოქმედის ჟინით გამოწვეული რევოლუციები შესცვალა დედამიწის ნელი გარდაქმნის თანდათანობითი, მოქმედებით.[7]
ლიაიელის თეორია კიდევ უფრო შეუთავსებელი იყო მუდმივი ორგანული სახეების აღიარებასთან, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი თეორიები. დედამიწის ზედაპირისა და ყველა სასიცოცხლო პირობების თანდათანობითი გარდაქმნის აზრს პირდაპირ მიჰყავდა ადამიანი ორგანიზმების თანდათანობითი გარდაქმნისა და მათი ცვალებად გარემოსთან შეგუების, სახეობათა ცვალებადობის მოძღვრებამდე. მაგრამ ტრადიცია ძალას წარმოადგენს არა მარტო კათოლიკურ ეკლესიაში, არამედ ბუნებისმეტყველებაშიც. თვითონ ლიაიელი მრავალი წლის მანძილზე ვერ ამჩნევდა ამ წინააღმდეგობას, ხოლო მისი მოწაფეები კიდევ უფრო ნაკლებ ხედავდნენ მას. ეს აიხსნება მხოლოდ იმ ხანებში ბუნებისმეტყველებაში გაბატონებული შრომის დანაწილებით, რომელიც თვითეულ მკვლევარს მეტნაკლებად მისი სპეციალური დარგით ზღუდავდა და მხოლოდ მცირეოდენსღა შერჩენოდა ზოგადისა და მთლიანის მიმოხილვის უნარი.
ამასობაში ფიზიკა ძალიან წინ წავიდა, რომლის შედეგებიც სამმა სხვადასხვა ადამიანმა თითქმის ერთდროულად შეაჯამა ბუნების კვლევის ამ დარგისათვის ეპოქის შემქმნელ 1842 წელს. მაიერმა ჰაილბრონში და ჯოულმა მანჩესტერში დაამტკიცეს სითბოს გარდაქმნა მექანიკურ ძალად და მექანიკური ძალის სითბოდ გარდაქმნა, სითბოს მექანიკური ეკვივალენტის დადგენამ ეს შედეგი ყოველ ეჭვს გარეშე დააყენა. იმავე დროს გროვმა, პროფესიით არა ბუნების მკვლევარმა, არამედ ინგლისელმა ადვოკატმა, ფიზიკის მიერ უკვე მიღწეული ცალკეული შედეგების უბრალო გადამუშავებით დაამტკიცა ის ფაქტი, რომ ყველა ეგრეთწოდებული ფიზიკური ძალა, მექანიკური ძალა, სითბო, სინათლე, ელექტრობა, მაგნეტიზმი და თვით ეგრეთწოდებული ქიმიური ძალაც კი განსაზღერულ პირობებში ერთი მეორეში გადადიან, და ეს ისე ხდება, რომ ძალის არავითარ დაკარგვას არა აქვს ადგილი; ამრიგად, ერთხელ კიდევ დაამტკიცა დამატებით ფიზიკური გამოკვლევების გზით დეკარტეს დებულება, რომ სამყაროში არსებულ მოძრაობათა რაოდენობა უცვლელია. ამით განსაკუთრებული ფიზიკური ძალები, ფიზიკის, ასე ვთქვათ, უცვლელი “სახეები”, მატერიის სხვადასხვაგვარად დიფერენცირებულ, გარკვეული კანონებით ერთმანეთში გარდამავალ მოძრაობის ფორმებად იქცნენ. ამდენი და ამდენი ფიზიკური ძალების არსებობის შემთხვევითობა მეცნიერებიდან იმით იქნა განდევნილი, რომ დამტკიცებულ იქნა მათი ურთიერთკავშირი და გადასვლები. ფიზიკა, ისევე როგორც უფრო ადრე ასტრონომია, იმ შედეგამდე მივიდა, რომელიც აუცილებლობით მიუთითებდა მოძრავი მატერიის მარად წრებრუნვაზე როგორც მეცნიერების უკანასკნელ დასკვნაზე.
ქიმიის განსაცვიფრებლად სწრაფმა განვითარებამ ლავუაზიეს და განსაკუთრებით დალტონის შემდეგ ბუნების ძველ წარმოდგენებს სხვა მხრიდან შეუტია. არაორგანული გზით ისეთი ქიმიური ნაერთების მიღებამ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმში წარმოიშობოდნენ, დაამტკიცა, რომ ქიმიის კანონებს ორგანული სხეულებისათვის იგივე ძალა აქვთ, რაც არაორგანული სხეულებისათვის და ამით ამოავსო არაორგანულ და ორგანულ ბუნებას შორის არსებული იმ უფსკრულის დიდი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ კანტიდან მოკიდებული მარად გარდუვალ უფსკრულად იყო აღიარებული.
დასასრულ, აგრეთვე ბიოლოგიური კვლევა-ძიების სფეროში სისტემატურად მოწყობილმა სამეცნიერო მოგზაურობებმა და ექსპედიციებმა, სახელდობრ, გასული საუკუნის შუა წლებიდან[8], მსოფლიოს ყველა ნაწილში ევროპის კოლონიების უფრო ზუსტმა შესწავლამ იქ მცხოვრები სპეციალისტების მხრივ, შემდეგ, პალეონტოლოგიის მიღწევებმა, საერთოდ ანატომიისა და ფიზიოლოგიის მიღწევებმა, განსაკუთრებით მიკროსკოპის სისტემატური გამოყენებისა და უჯრედის აღმოჩენის შემდეგ, იმდენი მასალა დააგროვა, რომ შედარებითი მეთოდის გამოყენება შესაძლებელი და ამავე დროს აუცილებელი გახდა < ემბრიოლოგია. > ერთი მხრივ, შედარებითი ფიზიკური გეოგრაფიის მიერ დადგენილ იქნა სხვადასხვა ფლორებისა და ფაუნების სიცოცხლის პირობები, მეორე მხრივ, სხვადასხვა ორგანიზმები მათი ჰომოლოგიური ორგანოების მიხედვით ერთმანეთთან იქნენ შედარებული და სახელდობრ, არა მარტო სიმწიფის ასაკში, არამედ მათი განვითარების ყველა საფეხურზე. რაც უფრო ღრმად და ზუსტად ტარდებოდა ეს გამოკვლევა, მით უფრო ხელში ქრებოდა ზემოაღნიშნული უცვლელად ფიქსირებული ორგანული ბუნების გაქვავებული სისტემა. არა თუ მცენარეთა და ცხოველთა ცალკეული სახეები სულ უფრო და უფრო ერთმანეთში გადადიოდნენ, არამედ ისეთი ცხოველებიც ამოტივტივდნენ, როგორც, მაგალითად, ამფიოქსი და ლეპიდოსირენი[9], რომლებიც ყველა მანამდე არსებულ კლასიფიკაციას სასაცილო მდგომარეობაში აყენებდნენ < ცერატოდუსი. იგივე არქეოპტერიქსი და ა. შ. >;[10] ბოლოს, ისეთ ორგანიზმებს წააწყდნენ, რომლებზეც იმის თქმაც კი აღარ შეიძლებოდა, მცენარეთა სამეფოს ეკუთვნოდნენ, თუ ცხოველთა სამეფოს. პალეონტოლოგიური არქივის ხარვეზები უფრო და უფრო ამოივსო და ამან უკიდურესი მოწინააღმდეგენიც კი აიძულა ეცნოთ დამაჯერებელი პარალელიზმი, რომელიც საერთოდ და მთლიანად ორგანული სამყაროს განვითარების ისტორიასა და ცალკეული ორგანიზმის განვითარების ისტორიას შორის არსებობს, ე. ი. ეცნოთ არიადნას ძაფი, იმ ლაბირინტიდან რომ გამოიყვანდა, რომელშიაც, როგორც ჩანდა, სულ უფრო მეტად და მეტად აბნეოდა გზა ბოტანიკასა და ზოოლოგიას. დამახასიათებელია, რომ მზის სისტემის მარადისობის მოძღვრებაზე კანტის თავდასხმის თითქმის ერთდროულად კ. ფ. ვოლფი 1759 წელს პირველი დაესხა თავს სახეების მუდმივობის თეორიას და სახეთა წარმოშობის თეორია გამოაცხადა. მაგრამ ის, რაც მასთან ჯერ კიდევ გენიალური წინასწარმეტყველება იყო, მან ოკენის, ლამარკის, ბერის შემოქმედებაში გარკვეული მტკიცე ფორმა მიიღო და სწორედ ასი წლის შემდეგ, 1859 წელს, იგი დარვინმა ძლევამოსილად განახორციელა. თითქმის ერთდროულად დადასტურდა, რომ პროტოპლაზმა და უჯრედი, რომლებიც ადრე ყველა ორგანიზმის ფორმათა უკანასკნელ შემადგენელ ნაწილებად იყო აღიარებული, გვხვდებიან აგრეთვე როგორც დამოუკიდებლად მცხოვრები უდაბლესი ორგანული ფორმები. ამით უფსკრული არაორგანულ და ორგანულ ბუნებას შორის მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, აგრეთვე თავიდან იქნა აცილებული ერთი ყველაზე არსებითი სიძნელე, რომელიც აქამდე ორგანიზმთა წარმოშობის თეორიას წინ ეღობებოდა. ახალი ბუნებისმეტყველური შეხედულება მის ძირითად ხაზებში მზად იყო: ყოველი გაყინული დენადი გახდა, ყოველი უძრავი აქროლვადი, ყოველი სამარადისოდ მიჩნეული კერძოობა წარმავალი აღმოჩნდა, დამტკიცდა, რომ მთელი ბუნება მარად მდინარებასა და წრებრუნვაში მოძრაობს.
და, ამრიგად, ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ბერძნული ფილოსოფიის დიდ ფუძემდებელთა თვალსაზრისს, რომ მთელი ბუნება, უმცირესი ნაწილებიდან დაწყებული უდიდესამდე, პაწია კენჭიდან მზემდე, პროტისტიდან ადამიანამდე, მარად წარმოშობასა და წარმავალობაში, შეუწყვეტელ მდინარებაში, დაუდგრომელ მოძრაობასა და ცვალებადობაში იმყოფება. მხოლოდ იმ არსებითი განსხვავებით, რომ ის, რაც ბერძნებში გენიალური ინტუიცია იყო, ჩვენში მკაცრი მეცნიერული, ცდაზე დამყარებული კვლევის შედეგი არის, და ამიტომაც ბევრად უფრო გარკვეული და ნათელი ფორმით გამოდის. მართალია, ამ წრიული ბრუნვის ემპირიული დასაბუთება ჯერ კიდევ მთლიანად ვერ არის ხარვეზებისაგან თავისუფალი, მაგრამ ეს ხარვეზები უმნიშვნელონია იმასთან შედარებით, რაც უკვე მტკიცედ არის დადგენილი და ამასთან ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ხდება მათი შევსება. და როგორ შეიძლებოდა ეს დასაბუთება დეტალებში ხარვეზებისაგან თავისუფალი ყოფილიყო, თუ დავუფიქრდებით, რომ მეცნიერების უარსებითესი დარგები — ტრანსპლანეტარული ასტრონომია, ქიმია, გეოლოგია — მეცნიერული არსებობის ერთ საუკუნესაც ძლივს ითვლიან, შედარებითი მეთოდები ფიზიოლოგიაში კი — ძლივს ორმოცდაათ წელს, ხოლო სიცოცხლის თითქმის ყოველგვარი განვითარების ძირითადი ფორმა, უჯრედი, ორმოცი წელიწადიც არაა, რაც აღმოჩენილია!
გრიგალისებურად მბრუნავი გავარვარებული ნისლოვანი მასებიდან, — რომელთა მოძრაობის კანონები, შესაძლებელია, აღმოჩენილ იქნენ მას შემდეგ, რაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებანი ნათელ წარმოდგენას მოგვცემენ ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობის შესახებ, — განვითარდნენ შეკუმშვისა და გაცივების გზით ცის იკანკლედის [ირმის ნახტომის] უკიდურესი ვარსკვლავთა რგოლებით შემოსაზღვრული ჩვენი სამყაროს კუნძულის უთვალავი მზეები და მზის სისტემები. ეს განვითარება, ცხადია, ყველგან ერთნაირი სიჩქარით არ მიმდინარეობდა. ასტრონომია უფრო და უფრო იძულებული ხდება აღიაროს ბნელი, არა მარტო პლანეტარული სხეულების, მაშასადამე, ჩამქრალი მზეების არსებობა ჩვენს ვარსკვლავთა სისტემაში (მედლერი); მეორე მხრივ, (სეკკის თანახმად) აირისებური ნისლოვანი ლაქების ერთი ნაწილი, როგორც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი მზეები, ჩვენს ვარსკვლავთა სისტემას ეკუთვნის, რითაც გამორიცხული არაა ის, რომ სხვა ნისლოვანებანი, როგორც მედლერი ამტკიცებს, სამყაროს შორეული დამოუკიდებელი კუნძულები იყოს, რომელთა განვითარების შეფარდებითი საფეხური სპეკტროსკოპმა უნდა დაადგინოს.
ლაპლასმა დეტალურად და დღემდე სწორუპოვარი სახით დაამტკიცა. თუ ცალკეული ნისლოვანი მასიდან როგორ ვითარდება მზის სისტემა; შემდგომმა მეცნიერებამ სულ უფრო და უფრო დაადასტურა მისი შეხედულებანი.
ამ სახით წარმოშობილ ცალკეულ სხეულებზე — მზეებზე, ისე, როგორც პლანეტებსა და თანამგზავრებზე — დასაწყისში ბატონობს მატერიის მოძრაობის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ სითბოს ვუწოდებთ. ხოლო ელემენტთა ქიმიურ ნაერთებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია მზის დღევანდელი ტემპერატურის პირობებშიც კი; მზის შემდგომი დაკვირვებები გვიჩვენებენ, თუ ამ დროს რამდენად გარდაიქმნება სითბო ელექტრობად ან მაგნეტიზმად; ახლაც უკვე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მზეზე მიმდინარე მექანიკური მოძრაობანი მხოლოდ და მხოლოდ სითბოს და სიმძიმის კონფლიქტისაგან წარმოსდგებიან.
ცალკეული სხეულები მით უფრო ჩქარა ცივდებიან, რაც უფრო პატარები არიან. პირველად ცივდებიან თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორები, ისე როგორც ჩვენი მთვარე უკვე დიდი ხნის მკვდარია. უფრო ნელა ცივდებიან პლანეტები, ყველაზე ნელა კი — ცენტრალური სხეული.
პროგრესიულ გაცივებასთან ერთად სულ უფრო და უფრო წინა რიგში გამოდის ერთმანეთში გარდამავალ ფიზიკურ მოძრაობათა ფორმების ურთიერთზემოქმედება, მანამდე, სანამ, დასასრულ, მიღწეული არ იქნება ისეთი წერტილი, საიდანაც ქიმიური თვისობა იწყებს გაჩენას, და სადაც აქამდე ქიმიურად ინდიფერენტი ელემენტები ერთი მეორეზე მიყოლებით ქიმიურად დიფერენცირდებიან, ქიმიურ თვისებებს იძენენ, ერთმანეთთან ნაერთებს ჰქმნიან. ეს ნაერთები მუდმივად იცვლებიან ტემპერატურის კლებასთან ერთად, რომელიც სხვადასხვანაირად გავლენას ახდენს არა მარტო თვითეულ ელემენტზე, არამედ ელემენტთა თვითეულ ცალკე ნაერთზედაც; ისინი იცვლებიან აგრეთვე ამ გაცივებისაგან დამოკიდებულ აირისებური მატერიის ერთი ნაწილის ჯერ თხევად და შემდეგ მყარ მდგომარეობაში გადასვლასთან და ამის გამო შექმნილ ახალ პირობებთან ერთად.
დრო, როდესაც პლანეტას მაგარი ქერქი უჩნდება და მის ზედაპირზე წყალი გროვდება, იმ დროს ემთხვევა, როცა მისი საკუთარი სითბო სულ უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება იმ სითბოსთან შედარებით, რომელსაც მას ცენტრალური სხეული უგზავნის. მისი ატმოსფერო მეტეოროლოგიური მოვლენების ასპარეზად იქცევა იმ აზრით, რა აზრითაც ახლა ჩვენ ეს სიტყვა გვესმის, ხოლო მისი ზედაპირი გეოლოგიური ცვლილებების ასპარეზად ხდება, რომელთა დროსაც ატმოსფერული ნალექებით გამოწვეული დანაშრევები სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენენ, ვიდრე ის თანდათან დასუსტებული მოქმედებანი, რომელთაც გავარვარებული თხევადი შუაგული გარეთ იწვევს.
დასასრულ, თუ ტემპერატურა იმდენად გათანაბრდა, რომ ყოველ შემთხვევაში ზედაპირის მნიშვნელოვან ფართობზე იმ საზღვრებს აღარ გადასცილდება, რომელთა ფარგლებშიაც ცილას არსებობა შეუძლია, მაშინ სხვა ხელსაყრელ ქიმიურ წინაპირობებში ცოცხალი პროტოპლაზმა წარმოიშობა. დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი არიან ეს წინაპირობანი, რაც გასაკვირი არაა, რადგან დღემდე ცილის ქიმიური ფორმულაც არაა დადგენილი, და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რამდენი ქიმიურად განსხვავებული ცილოვანი სხეული არსებობს, და რადგანაც დაახლოებით სულ ათი წელიწადია, რაც ცნობილია ის ფაქტი, რომ სრულიად უსტრუქტურო ცილა სიცოცხლის ყველა არსებითს ფუნქციას ასრულებს: მონელებას, გამოყოფას, მოძრაობას, შეკუმშვას, რეაქციას გაღიზიანების წინააღმდეგ, გამრავლებას.
შეიძლება ათასეული წლები გავიდა, ვიდრე შეიქმნებოდა ისეთი პირობები, როდესაც შესაძლებელი გახდა შემდგომი წინსვლა და უფორმო ცილამ ბირთვისა და გარსის შექმნით შესძლო პირველი უჯრედის წარმოშობა. მაგრამ ამ პირველ უჯრედთან ერთად მოცემული იყო აგრეთვე მთელი ორაგნული ქვეყნის ფორმათა შექმნის საფუძველიც. პირველად განვითარდნენ, როგორც ჩვენ უფლება გვაქვს დავუშვათ პალეონტოლოგიური არქივის მთელი ანალოგიის მიხედვით, უუჯრედო და უჯრედიანი პროტისტების უთვალავი სახეები, რომელთაგან ჩვენამდე მარტო ერთადერთმა ეოძოონ კანადენზემ[11] მოაღწია, და რომელთაგან ერთნი თანდათანობით პირველ მცენარეებად იქნენ დიფერენცირებული, მეორენი კი პირველ ცხოველებად. ხოლო პირველ ცხოველთაგან, უმთავრესად და არსებითად შემდგომი დიფერენცირების გზით, განვითარდნენ ცხოველთა უთვალავი კლასები, მწკრივები, ოჯახები, გვარეობანი და სახეობანი: დასასრულს განვითარდა ის ფორმა, რომელშიც ნერვიული სისტემა თავის სრულ განვითარებას აღწევს, სახელდობრ, ხერხემლიან ცხოველთა ფორმა, სულ ბოლოს კი ამ უკანასკნელთა შორის განვითარდა ის ხერხემლიანი ცხოველი, რომელშიც ბუნება თავისი თავის ცნობიერებას აღწევს, ე. ი. განვითარდა ადამიანი.
ადამიანიც დიფერენცირების გზით წარმოიშობა და არა მარტო ინდივიდუალურად, — ერთადერთი კვერცხოვანი უჯრედიდან დიფერენცირების გზით იმ ურთულეს ორგანიზმამდე, რომელსაც ბუნება წარმოშობს, — არამედ ისტორიულადაც. როდესაც ათასწლოვანი ჭიდილის შემდეგ საბოლოოდ მოხდა ხელის დიფერენცირება ფეხისაგან და ამართული სვლა დამკვიდრდა, მაშინ ადამიანი მაიმუნს გამოეყო და დანაწევრებულ მეტყველებასა და ტვინის მძლავრ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა, რამაც მას შემდეგ უფსკრული ადამიანსა და მაიმუნს შორის გაუვალი გახადა. ხელის სპეციალიზაცია იარაღის გაჩენას ნიშნავს, იარაღი კი სპეციფიკურ ადამიანურ მოქმედებას ნიშნავს, ე. ი. ადამიანის გარდამქმნელ უკუმოქმედებას ბუნებაზე, — წარმოებას. იარაღები, სიტყვის ვიწრო გაგებით, ცხოველებსაც აქვთ, მაგრამ როგორც მხოლოდ საკუთარი სხეულის ასოები: ჭიანჭველებს, ფუტკრებს, წავებს; ცხოველებიც აწარმოებენ, მაგრამ მათი მწარმოებლური ზემოქმედება გარემო ბუნებაზე ამ უკანასკნელთან შედარებით ნულს უდრის. მხოლოდ ადამიანმა შესძლო ბუნებისათვის თავისი დაღი დაესვა, ამასთან მან არა მარტო მცენარეებსა და ცხოველებს შეუცვალა ადგილი, არამედ მან შესცვალა აგრეთვე თავისი საცხოვრებელი ადგილის გარეგანი სახე და ჰავა, თვით მცენარეები და ცხოველებიც კი ისე შესცვალა, რომ მისი მოღვაწეობის შედეგები მხოლოდ დედამიწის საყოველთაო სიკვდილთან ერთად შეიძლება გაჰქრეს. ეს მან შესძლო და სისრულეში მოიყვანა უპირველეს ყოვლისა და არსებითად ხელის საშუალებით. თვით ორთქლის მანქანაც კი, რომელიც დღემდე მისი უძლიერესი იარაღია ბუნების გარდასაქმნელად, საბოლოო ანგარიშით, როგორც იარაღი, დამყარებულია ხელის მოქმედებაზე. მაგრამ ხელის განვითარების კვალდაკვალ თავიც ვითარდებოდა, წარმოიშვა პირველად ცალკეული პრაქტიკულად სასარგებლო ეფექტების პირობების ცნობიერება, და შემდეგ კი, ამის საფუძველზე, უფრო ხელსაყრელ პირობებში მყოფ ხალხებში განვითარდა ბუნების იმ კანონების შეგნება, რომლებიც ამ პრაქტიკულ სასარგებლო ეფექტებს განაპირობებენ. ხოლო ბუნების კანონების სწრაფად მზარდ ცოდნასთან ერთად იზრდებოდა ბუნებაზე უკუზემოქმედების საშუალებანიც. მარტო ხელი ორთქლის მანქანას ვერასოდეს ვერ შეჰქმნიდა, თუ ხელთან ერთად, მის გვერდით და ნაწილობრივ მისი მეოხებით შესაფერად არ განვითარდებოდა ადამიანის ტვინიც.
ადამიანთან ერთად ჩვენ შევდივართ ისტორიაში. ცხოველებსაც აქვთ ისტორია, ისტორია მათი წარმოშობისა და თანდათანობითი განვითარებისა მათს დღევანდელ მდგომარეობამდე. მაგრამ ისინი ამ ისტორიის პასიური ობიექტები არიან, ხოლო რამდენადაც თვითონ ისინი მასში მონაწილეობენ, ეს ხდება მათი ცოდნისა და სურვილის გარეშე. ადამიანები კი, პირიქით. რაც უფრო მეტად შორდებიან ცხოველს, სიტყვის ვიწრო გაგებით, იმდენად უფრო მეტად ჰქმნიან თვით ისინი თავიანთ ისტორიას, შეგნებით, იმდენად უფრო ნაკლები ხდება წინასწარგაუთვალისწინებელი მოქმედებების გავლენა, უკონტროლო ძალთა გავლენა ამ ისტორიაზე, მით ზუსტად შეესაბამება ისტორიული შედეგი წინასწარ დადგენილ მიზანს. მაგრამ თუ ამ მასშტაბს ადამიანთა ისტორიას მივუყენებთ, თანამედროვეობის თვით ყველაზე უფრო განვითარებულ ხალხებსაც კი, დავინახავთ, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს მაინც კოლოსალური შეუსაბამობა წინასწარ დასახულ მიზნებსა და მიღწეულ შედეგებს შორის, რომ გაუთვალისწინებელი მოქმედებები მაინც სჭარბობენ, რომ უკონტროლო ძალები გაცილებით ძლიერი არიან, ვიდრე ის ძალები, რომლებიც მოძრაობაში გეგმაზომიერად არიან მოყვანილი. და ეს არც შეიძლება სხვაგვარად იყოს მანამ, სანამ ადამიანთა უარსებითესი ისტორიული საქმიანობა, ის საქმიანობა, რომელმაც ისინი ცხოველობიდან ადამიანობამდე აამაღლა და რომელიც ყველა მისი დანარჩენი მოქმედებების მატერიალურ საფუძველს შეადგენს, ადამიანების საარსებო მოთხოვნილებათა დამაკმაყოფილებელი წარმოება, ე. ი. საზოგადოებრივი წარმოება დღესდღეობით, უმეტესად დამორჩილებულია უკონტროლო ძალთა წინასწარ გაუთვალისწინებელ ზემოქმედებათა ცვალებად თამაშს, და სანამ სასურველი მიზნის მიღწევა მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება, გაცილებით უფრო ხშირად კი სწორედ მისი საწინააღმდეგო რამ ხორციელდება. ყველაზე უფრო მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებში ბუნების ძალები ჩვენ დავიმორჩილეთ და ადამიანის სამსახურში ჩავაყენეთ; ამით ჩვენ წარმოება უსასრულოდ გავამრავალკეცეთ, ასე რომ ახლა ერთი ბავშვი უფრო მეტს ჰქმნის, ვიდრე ადრე ასი მოწიფული ადამიანი ჰქმნიდა. მაგრამ რა შედეგი მივიღეთ? მზარდი ჭარბი შრომა, მასების მზარდი სიღატაკე და ყოველ ათ წელიწადს ვეებერთელა კრახი. დარვინმა არ იცოდა, თუ რა მწარე სატირა დაწერა მან ადამიანებზე, განსაკუთოებით კი თავის თანამემამულეებზე, როდესაც დაამტკიცა, რომ თავისუფალი კონკურენცია, არსებობისათვის ბრძოლა, რასაც ეკონომისტები ქება-დიდებას ასხამენ როგორც უმაღლეს ისტორიულ მონაპოვარს, ცხოველთა სამეფოსათვის ნორმალური მდგომარეობაა. საზოგადოებრივი წარმოების მხოლოდ შეგნებულ ორგანიზაციას, სადაც გეგმაზომიერად აწარმოებენ და ანაწილებენ, შეუძლია ადამიანები საზოგადოებრივ ურთიერთობაშიაც ისევე მაღლა ასწიოს და დანარჩენ ცხოველთა სამყაროზე მაღლა დააყენოს, როგორც ეს წარმოებამ შეასრულა საერთოდ ადამიანებისათვის სპეციფიკური მიმართებით. ისტორიული განვითარება ასეთ ორგანიზაციას დღითიდღე გარდუვალს და დღითიდღე შესაძლებელსაც ხდის. მისგან დაიწყება დათარიღება ახალი ისტორიული ეპოქისა, რომელშიაც თვითონ ადამიანები და მათთან ერთად მათი მოღვაწეობის ყველა დარგი, სახელდობრ, ბუნებისმეტყველებაც ისეთ აღმავლობას განიცდის, რომ ყველა აქამდე გაკეთებული მთლად დაიჩრდილება.
ამასთანავე ყოველივე, რაც კი ჩნდება, დაღუპვის ღირსია.[12] შეიძლცება კიდევ მილიონობით წლები გავიდეს, ასიათასობით თაობანი დაიბადონ და დაიხოცონ, მაგრამ ულმობლად ახლოვდება ის დრო, როდესაც ამოწურვის პროცესში მყოფი მზის სითბო საკმარისი აღარ იქნება იმისათვის, რომ პოლუსებიდან წამოსული ყინული გაადნოს, როდესაც სულ უფრო და უფრო ეკვატორთან მიქუჩებული ადამიანები, დასასრულ, იქაც ვეღარ ჰპოვებენ სიცოცხლისათვის საკმაო სითბოს, როდესაც თანდათანობით ორგანული სიცოცხლის უკანასკნელი ნიშანწყალიც გაჰქრება, და დედამიწა, მკვდარი, გათოშილი ბურთი, მთვარესავით, ღრმა წყვდიადში ჩაეფლობა, სულ უფრო და უფრო შევიწროვებულ-შემცირებული ორბიტებით ეგრევე მკვდარი მზის ირგვლივ იტრიალებს და ბოლოს ზედ დაეცემა. ზოგი პლანეტა მას დაასწრებს ამას, ზოგი კი მას მიჰყვება; ჰარმონიულად დანაწევრებული, ნათელი, თბილი მზის სისტემის ნაცვლად დარჩება ცივი, მკვდარი სფერო, რომელიც გაჰყვება თავის განმარტოებულ გზას სამყაროს სივრცის წიაღში. იგივე ბედი, რაც ჩვენი მზის სისტემას, ადრე თუ გვიან ეწევა აგრეთვე ჩვენი სამყაროს კუნძულის ყველა სხვა სისტემასაც; ეს ბედი ეწევა ყველა დანარჩენ უთვალავ სამყაროს კუნძულებს, თვით ისეთებსაც, რომელთა სინათლე დედამიწამდე ვერ მოაღწევს თვით მანამდისაც, სანამ მასზე არსებობს ადამიანის თვალი, სინათლის ამთვისებელი.
მაგრამ როდესაც ამგვარი მზის სისტემა თავისი სიცოცხლის გზას დაამთავრებს და ყოველი ბოლოვადის ბედს — სიკვდილს დაემორჩილება, შემდეგ რაღა იქნება? გააგრძელებს მზის გვამი მარადისობაში როგორც გვამი უსასრულო სივრცის წიაღში სრბოლას, და ყველა, უწინ უსასრულო მრავალფეროვანებით დიფერენცირებული ბუნების ძალები მიზიდულობის ერთადერთ მოძრაობის ფორმაში ჩაინთქმება სამუდამოდ? “თუ, — როგორც სეკი კითხულობს (გვ. 810), — ბუნებაში არსებობს ისეთი ძალები, რომლებიც მკვდარ სისტემას გავარვარებული ნისლოვანების საწყის მდგომარეობაში დააბრუნებს და ახალი სიცოცხლისათვის კვლავ გამოაღვიძებს? ჩვენ ეს არ ვიცით”.
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს არ ვიცით იმ აზრით, რა აზრითაც ვიცით, რომ 2X2=4, ანდა არ ვიცით ისე, როგორც ვიცით, რომ მატერიის მიზიდულობა მატულობს და კლებულობს დაშორების კვადრატის შესაბამად. მაგრამ თეორიულ ბუნებისმეტყეელებაში, რომელიც ცდილობს თავისი შეხედულება ბუნებაზე რაც შეიძლება ერთ ჰარმონიულ მთლიანობად გადაამუშაოს და ურომლისოდაც დღეს თვით ყველაზე უფრო აზრმოკლებული ემპირიკოსიც კი ერთი ადგილიდან ფეხს ვერ დასძრავს, ძალიან ხშირად ანგარიში უნდა გავუწიოთ არც თუ სრულიად ცნობილ სიდიდეებს; აზრის თანმიმდევრობა ყველა დროში უნდა დახმარებოდა ნაკლოვან ცოდნას ნაბიჯის წინ გადასადგმელად. და აი თანამედოოვე ბუნებისმეტყველებას ფილოსოფიიდან უნდა მიეღო მოძრაობის მოუსპობლობის დებულება; უამისოდ მას უკვე არსებობაც აღარ შეუძლია. მაგრამ მატერიის მოძრაობა მარტო უხეში მექანიკური მოძრაობა, უბრალო ადგილგადანაცვლება როდია, იგია სითბო და სინათლე, ელექტრული და მაგნეტური ძაბვა, ქიმიური შეერთება და დაშლა, სიცოცხლე და, ბოლოს, ცნობიერება. იმის თქმა, რომ მატერიას მთელი თავისი უსაზღვრო დროის არსებობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, და ისიც მის მარადისობასთან შედარებით წუთიერად ჰქონდა თავისი მოძრაობის დიფერენცირებისა და ამით ამ მოძრაობის მთელი სიმდიდრის გაშლის შესაძლებლობა, და რომ ის მანამდისაც და მის შემდეგაც სამარადისოდ უბრალო ადგილგადანაცვლებითაა შეზღუდულიო, — ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ მატერია მოკვდავია და მოძრაობა წარმავალი. მოძრაობის მოუსპობლობა გაგებული უნდა იქნეს არა მარტო რაოდენობრივად, არამედ თვისებრივადაც. ისეთ მატერიას, რომლის წმინდა მექანიკური ადგილგადანაცვლება მართალია თავის თავში შესაძლებლობას ატარებს ხელსაყრელ პირობებში გადაიქცეს სითბოდ, ელექტრობად, ქიმიურ მოქმედებად, სიცოცხლედ, მაგრამ რომელსაც უნარი არა აქვს ეს პირობები თავისი თავიდან შეჰქმნას, ასეთ მატერიას მოძრაობა დაკარგული აქვს; მოძრაობა, რომელსაც დაუკარგავს უნარი მისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ფორმაში გადავიდეს, თუმცა ჯერ კიდევ გააჩნია Dynamis,[13] მაგრამ აღარ აქვს Energeia,[14] და, ამრიგად, ნაწილობრივ მოსპობილია. მაგრამ ორივე წარმოუდგენელია.
ერთი რამ მაინც უდავოა: იყო ისეთი დრო, როდესაც ჩვენი სამყაროს კუნძულის მატერიამ სითბოდ გადააქცია ისეთი უზარმაზარი რაოდენობის მოძრაობა, — თუ რა სახისა იყო ეს მოძრაობა, ეს დღემდე კიდევ არ ვიცით, — რომ მისგან შესაძლებელი, გახდა განვითარებულიყო მზის სისტემები, რომლებიც (მედლერის მიხედვით) სულ ცოტა 20 მილიონ ვარსკვლავს ეკუთვნის და რომელთა თანდათანობითი კვდომაც ეგრევე უეჭველია. როგორ ხდებოდა ეს გარდაქმნა? ჩვენ ისევე ნაკლებ ვიცით ის, იქცევა თუ არა ოდესმე ჩვენი მზის სისტემის მომავალი caput mortuum[15] ხელახლა ნედლ მასალად ახალი მზის სისტემების წარმოსაქმნელად, როგორც პატრმა სეკიმ. მაგრამ აქ ჩვენ ან შემოქმედს უნდა მივმართოთ, ანდა იძულებული ვართ დავასკვნათ, რომ ჩვენი სამყაროს კუნძულის მზის სისტემებისათვის გავარვარებული ნედლი მასალა ბუნებრივი გზით მოძრაობათა იმ გარდაქმნების საშუალებით წარმოიშვა, რომლებიც ბუნებით მოსდგამს მოძრავ მატერიას, და რომელთა პირობები, მაშასადამე, კვლავ აღდგენილ უნდა იქნეს ისევ მატერიის მიერ, თუნდაც მილიონთა მილიონი წლების შემდეგ, მეტნაკლები შემთხვევითობით, მაგრამ აგრეთვე შემთხვევითობისათვისაც დამახასიათებელი აუცილებლობით.
თანდათან სულ უფრო მეტად აღიარებენ ამგვარი გარდაქმნის შესაძლებლობას. იმ შეხედულებამდე მიდიან, რომ სამყაროს სხეულთა საბოლოო დანიშნულება ერთმანეთზე დაცემაა, და სითბოს იმ რაოდენობასაც კი ანგარიშობენ, რომელიც ასეთი ურთიერთდაჯახებების დროს უნდა განვითარდეს. ახალ ვარსკვლავთა უეცარი აელვარება, ხოლო უკვე ცნობილთა ასევე უეცარი და უფრომკვეთრი აკაშკაშება, რის შესახებაც ჩვენ ასტრონომია გვაუწყებს, ყველაზე ადვილად ასეთი ურთიერთდაჯახებებით აიხსნება. ამავე დროს არა მარტო ჩვენი პლანეტათა ჯგუფი მოძრაობს მზის ირგვლივ, ხოლო ჩვენი მზე კი — ჩვენი სამყაროს კუნძულის შიგნით, არამედ თვით ჩვენი სამყაროს მთელი კუნძული მოძრაობს სამყაროს სივრცეში და სამყაროს სხვა კუნძულებთან დროულ შეფარდებითს წონასწორობაში იმყოფება, რადგან თავისუფლად მოძრავ სხეულთა თვით შეფარდებითი წონასწორობაც მხოლოდ ურთიერთ-გაპირობებული მოძრაობის დროს შეიძლება არსებობდეს; გარდა ამისა, ზოგიერთი აღიარებს, რომ ტემპერატურა სამყაროს სივრცეში ყველგან ერთი და იგივე არაა. დასასრულ: ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამყაროს კუნძულის უთვალავი მზეების სითბო უმნიშვნელოდ მცირე ნაწილის გამოკლებით სივრცეში იკარგება და ამაოდ ცდილობს, სამყაროს სივრცის ტემპერატურა ცელსიუსის გრადუსის თუნდ ერთ მემილიონედ ნაწილით ასწიოს. რა მოსდის სითბოს ამ უამრავ რაოდენობას? იკარგება იგი სამუდამოდ იმის ცდაში, რომ სამყაროს სივრცე გაათბობს, თუ სწყვეტს პრაქტიკულად არსებობას და მხოლოდ თეორიულად-ღა ინახება იმ ფაქტში, რომ სამყაროს სივრცე გათბა გრადუსის ისეთი ათწილადი ნაწევრის ოდენობით, რომელიც ათი თუ მეტი ნულით იწყება? ეს ვარაუდი მოძრაობის მოუსპობლობას უარყოფს; ის დაუშვებს შესაძლებლობას, რომ სამყაროს სხეულთა თანმიმდევრულად ერთმანეთზე დაცემით ყველა არსებული მექანიკური მოძრაობა სითბოდ გადაიქცევა და ეს სითბო სამყაროს სივრცეში გამოსხივდება, რითაც, მიუხედავად “ძალის” ყოველგვარი “მოუსპობლობისა” ყოველგვარი მოძრაობა საერთოდ მოისპობოდა. (სხვათა შორის, აქ ჩანს, თუ რარიგ არასწორია გამოთქმა: “ძალის მოუსპობლობა”, ნაცვლად იმისა, რომ ითქვას “მოძრაობის მოუსპობლობა”). ამრიგად, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სამყაროს სივრცეში გამოსხივებულ სითბოს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს რაიმე გზით, — თუ რა გზით, ამის გარკვევა შემდგომში ბუნების კვლევის ამოცანა იქნება, — მოძრაობის რომელიმე სხვა ფორმაში გადავიდეს, რომელშიაც მას კვლავ შეეძლება თავმოყრა და მოქმედება. და ამით ისპობა ის მთავარი სიძნელე, რომელიც მკვდარი მზეების გავარვარებულ ნისლოვანებად უკუგარდაქმნას წინ ეღობებოდა.
სხვაფრივ, სამყაროთა მარად განმეორებადი ურთიერთმომდევნობა დაუსრულებელ დროში მხოლოდ ლოგიკური შევსებაა უთვალავ სამყაროთა ერთმანეთის გვერდით არსებობისა დაუსრულებელ სივრცეში — ეს ისეთი დებულებაა, რომლის აუცილებლობა იძულებული იყო ეღიარებინა თვით იანკი დრეპერის ანტითეორიულ ტვინსაც კი.[16]
ესაა მარადი წრებრუნვა, რომელშიაც მატერია მოძრაობს, წრებრუნვა, რომელიც თავის გზას დროის ისეთ პერიოდებში ამთავრებს, რომლებისათვისაც ჩვენი დედამიწის წელიწადი საკმაო მასშტაბს აღარ წარმოადგენს, წრებრუნვა, რომელშიაც დრო უმაღლესი განვითარებისა, ორგანული სიცოცხლის დრო და, კიდევ უფრო მეტი, თვით ისეთ არსებათა სიცოცხლის დრო, რომლებიც შეიცნობენ თავიანთ თავსა და ბუნებას, ისევე მოკლედ არის მოზომილი, როგორც სივრცე, რომელშიაც სიცოცხლე და თვითცნობიერება არსებობს; ესაა წრებრუნვა, რომელშიაც მატერიის ყოველი სასრულოვანი არსებობის ფორმა, — იქნება ეს მზე თუ ნისლოვანება, ცალკეული ცხოველი თუ ცხოველთა გვარეობა, ქიმიური შეერთება თუ დაშლა, — ერთნაირად წარმავალია, და რომელშიაც მარადი აღარაფერია, გარდა მარად ცვალებადი, მარად მოძრავი მატერიისა და იმ კანონებისა, რომელთა თანახმადაც იგი მოძრაობს და ცვალებადობს. მაგრამ როგორც უნდა ხშირად და ულმობლად ხდებოდეს ეს წრებრუნვა დროსა და სივრცეში, რამდენი მილიონი მზეები და დედამიწანი არ უნდა წარმოიშვან და დაიღუპონ, რაც უნდა დიდი ხანი გავიდეს მანამ, სანამ რომელიმე მზის სისტემაში მის მხოლოდ ერთ რომელიმე პლანეტაზე ორგანული სიცოცხლის პირობები შეიქმნებოდეს, რაც უნდა უთვალავი ორგანული არსებანი წარმოიშვან და დაიღუპონ იქამდე, ვიდრე მათი წრიდან აზროვნების უნარიანი ტვინის მქონე ცხოველები განვითარდებოდნენ და სულ მოკლე ხნით სიცოცხლისათვის გამოსადეგ პირობებს ნახავდნენ იმისათვის, რომ შემდეგ ისევ ულმობლად აღმოიფხვრან, — ჩვენ მაინც დარწმუნებული ვართ, რომ მატერია ყველა თავის გარდაქმნაში მარად ერთი და იგივე რჩება, რომ მისი არც ერთი ატრიბუტი არ შეიძლება დაიკარგოს, და რომ ამიტომ მან იმავე რკინისებური აუცილებლობით, რომლითაც ის დედამიწაზე თავის უმაღლეს ყვავილს, მოაზროვნე გონს კვლავ აღმოფხვრის, სადმე სხვაგან და სხვა დროს ის ხელახლა უნდა შეჰქმნას.
[1] სიტყვასიტყვით: ხუთასიანი წლები, ე. ი. მეთექვსმეტე საუკუნე. [რედაქცია].
[2] “Orbis terrarum” — სიტყვასიტყვით: დედამიწის სფერო, დედამიწის ზურგი; ასე უწოდებდნენ ძველი რომაელები ქვეყნიერებას, მსოფლიოს, დედამიწას. [რედაქცია].
[3] აქ და შემდეგშიაც კუთხოვან ფრჩხილებში (<>) მოთავსებულია ენგელსის მიერ ხელნაწერის არეებზე მიწერილი სიტყვები. [რედაქცია].
[4] XVII-XVIII საუკუნეების ქიმიაში გაბატონებული იყო თეორია, რომელიც აღიარებდა, რომ წვის პროცესი გამოწვეულია სხეულებში არსებული განსაკუთრებული უწონადი ნივთიერებიტ — ფლოგისტონითო. [რედაქცია].
[5] თუ როგორ შეურყევლად შეეძლო ჯერ კიდევ 1861 წელს ეს შეხედულება გაეზიარებინა ისეთ ადამიანს, რომლის მეცნიერული მიღწევები უაღრესად მნიშვნელოვან მასალას იძლეოდნენ ამ შეხედულების დასაძლევად, ამას გვიჩვენებს შემდეგი კლასიკური სიტყვები:
“ჩვენი მზის სისტემის მთელი აგებულება, რამდენადაც მისი განჭვრეტა შეგვიძლია, მიმართულია არსებულის დაცვისაკენ და მისი უცვლელი გახანგრძლივებისაკენ. ისე როგორც დედამიწის არც ერთი ცხოველი, არც ერთი მცენარე უძველესი დროიდან დღემდე არ გამხდარა უფრო სრულქმნილი ანდა საერთოდ არ გამხდარა სხვა რამ, ისე როგორც ყველა ორგანიზმში საფეხურებრივ თანმიმდევრობას მხოლოდ ერთი მეორის გვერდით ვხვდებით და არა ერთი მეორის შემდეგ. ისე როგორც ჩვენი საკუთარი მოდგმა სხეულებრივი მიმართულებით სულ ერთი და იგივე დარჩა, — სწორედ ასევე თანაარსებულ სამყაროს სხეულების თვით უდიდესი მრავალსახეობა უფლებას არ გვაძლევს ვაღიაროთ, რომ ეს ფორმები მხოლოდ განვითარების სხვადასხვა საფეხურეები არიან, პირიქით, ყოველივე შექმნილი ერთნაირად სრულქმნილია თავის თავში”. მედლერი, პოპულარული ასტრონომია, მე-5 გამოცემა. ბერლინი, 1861, გვ. 316. ლაპარაკია შემდეგ წიგნზე: Mädler J. H. Der Wunderbau des Weltalls oder populäre Astronomie. 5 Aufl. Berlin, 1861. [რედაქცია].
[6] ჰიპოთეზა გავარვარებულ ნისლოვანებათაგან ციურ სხეულთა წარმოშობის შესახებ.
[7] ლიაიელის შეხედულების ნაკლი — ყოველ შემთხვევაში მისი პირველი ფორმით მაინც — იმაში მდგომარეობდა, რომ დედამიწაზე მოქმედი ძალები მას გაგებული ჰქონდა როგორც მუდმივი, მუდმივი როგორც თვისებრიობის, ისე რაოდენობის მიხედვით. დედამიწის გაცივება მისთვის არ არსებობს, დედამიწა არ ვითარდება გარკვეული მიმართულებით, იგი იცვლება მხოლოდ კავშირმოკლებული, შემთხვევითი წესით. [ენგელსის შენიშვნა].
[8] — ე. ი. XVIII საუკუნის. [რედაქცია]
[9] ამფიოქსი — პატარა (დაახლ. 5 სმ. სიგრძის) თევზისებური ცხოველია, რომელიც რიგ ზღვებსა და ოკეანებში ბინადრობს (ინდოეთის ოკეანე, წყნარი ოკეანე, მალაის არქიპელაგისა და იაპონიის ნაპირებთან, ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა და სხ.) და წარმოადგენს გარდამავალ ფორმას უხერხემალოთაგან ხერხემლიანებზე. ლეპიდოსირენი — ცხოველი, რომელიც ეკუთვნის ფილტვიან ან ორმაგად მსუნთქავ თევზებს, რომელთაც ფილტვებიც აქვთ და ლაყუჩებიც; იცის, სამხრეთ ამერიკაში. [რედაქცია].
[10] ცეტრატოდუსი — ორმაგად მსუნთქავი თევზი. იცის ავსტრალიაში. არქეოპტერიქსი — ამომწყდარი ცხოველია, რომელიც ფრინველთა კლასის უძველესი წარმომადგენელია და ამავე დროს გააჩნია ქვეწარმავალთა ზოგიერთი ნიშანი. [რედაქცია].
[11] ეოძოონ კანადენზე — ამონათხარი, რომელიც იპოვეს კანადაში და რომელსაც განიხილავენ, როგორც უძველესი პრიმიტიული ორგანიზმების ნაშთს. 1878 წ. მიობიუსმა უარჰყო აზრი ამ ნამარხის ორგანული წარმოშობის შესახებ. [რედაქცია].
[12] მეფისტოფელის სიტყვები გოეთეს “ფაუსტში”. [რედაქცია].
[13] — შესაძლებლობა. [რედაქცია].
[14] სინამდვილე. [რედაქცია].
[15] Caput mortuum — სიტყვასიტყვით: მკვდარი თავი; აქ ნახმარია მკვდარი ნაშთების აზრით. [რედაქცია].
[16] “სამყაროთა სიმრავლეს დაუსრულებელ სივრცეში ჩვენ მივყევართ დაუსრულებელ დროში სამყაროთა თანმიმდევრობის წარმოდგენამდე” (დრეპერი, “ევროპის გონებრივი განვითარების ისტორია”, II ტ. ლონდონი, 1864, გვ. 325, [ენგელსის შენიშვნა]
Draper J. W. History of the Intellectual Development of Europe. Vol. I-II. London, 1864. [რედაქცია].