დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1892 წლის 21 ივლისი, ლონდონი.
გამოქვეყნებული: 1892 წ. შტუტგარტში, “მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში”.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება 1892 წ. გამოცემის ტექსტის მიხედვით.].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ეს წიგნი, რომელიც ამ გაზოცემით გერმანელი საზოგადოებისათვის კვლავ ხელმისაწვდომი ხდება, პირველად 1845 წლის ზაფხულს გამოქვეყნდა. როგორც ღირსების, ისე ნაკლის მხრივ იგი ავტორის ახალგაზრდობის აშკარა დაღს ატარებს. მაშინ მე ოცდაოთხი წლის ვიყავი. ამჟამად სამჯერ უფრო ხნიერი ვარ, და როდესაც ამ ახალგაზრდობის დროინდელ ნაშრომს ხელახლა ეკითხულობ, ვფიქრობ, რომ მისი სრულიადაც არ უნდა მრცხვენოდეს. ამიტომ მე არც ვაპირებ ახალგაზრდობის ეს დაღი წავშალო მასში. კვლავ ვაწვდი მკითხველს ამ ნაშრომს უცვლელად, მხოლოდ ზოგიერთი, არა მთლად ნათელი, ადგილები უფრო მკვეთრად გამოვთქვი და აქა იქ მოკლე სტრიქონქვეშა შენიშვნები დავუმატე, რომელიც მიმდინარე (1892) წლით არის აღნიშნული.
ამ წიგნის ბედის შესახებ მხოლოდ ის უნდა აღვნიშნო, რომ 1885 წელს იგი ნიუ-იორკში გამოიცა ინგლისურ ენაზე (თარგმნილი ქ-ნ ფლორენს კელი-ვიშნევეცკაიას მიერ) და რომ ეს თარგმანი ისევ გამოიცა 1892 წელს ლონდონში სვან ზონენშაინის და კომპ. მიერ. ამერიკული გამოცემის წინასიტყვაობა საფუძვლად დაედო ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობას, ხოლო ეს უკანასკნელი — ახლანდელი გერმანული გამოცემის წინასიტყვაობას. თანამედროვე მსხვილი მრეწველობა მის მიერ მოცულ ყველა ქვეყანაში ისე ძლიერ ათანასწორებს ეკონომიურ ურთიერთობებს, რომ გერმანელი მკითხველისათვის იმაზე მეტი არაფერი მაქვს სათემელი, რაც ამერიკელი და ინგლისელი მკითხველისთვის მითქვამს.
ამ წიგნში აღწერილი საქმის ვითარება ამჟამად, ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ეს ინგლისს შეეხება, მეტწილად წარსულს ეკუთვნის. თანა,ედროვე პოლიტიკური ეკონომიის კანონი, თუმცა იგი საერთოდ აღიარებულ სახელმძღვანელოებში გარკვევით არ არის გამოთქმული, ის არის, რომ რაც უფრო ვითარდება კაპიტალისტური წარმოება, მით უფრო შეუთავსებელი ხდება იგი მოტყუების და სიცრუის წვრილმან პრაქტიკასთან, რაც მისი განვითარების დაბალ საფეხურებს ახასიათებს. წვრილმანი გაიძვერობა პოლონელი ებრაელისა, რომელიც ევროპული ვაჭრობის წარმომადგენელია მისი განვითარების უდაბლეს საფეხურზე. იგივე ხერხები, რომლებიც მას სამშობლოში საუცხოო სამსახურს უწევს და იქ საყოველთაო გამოყენებას პოულობს, აღარაფრად გამოადგება მას, როგორც კი ის ჰამბურგსა ან ბერლინში ამოჰყოფს თავს. ამგვარადვე, რომელიმე კომისიონერი, ებრაელი ან ქრისტიანი, მანჩესტერის ბირჟაზე ბერლინიდან ან ჰამბურგიდან მისული, მალე რწმუნდებოდა, ყოველ შემთხვევაში ასე იყო ამ ცოტა ხნის წინათ, რომ თუ ნართის ან ქსოვილის ხელსაყრელად ყიდვა უნდოდა, მას, უწინარეს ყოვლისა, ხელი უნდა აეღო იმ თუმცა ცოტათი გაფაქიზებულ, მაგრამ მაინც უგვანო საქციელსა და ეშმაკობაზე, რომელიც მის სამშობლოში ყოველგვარი კომერციული სიბრძნის მწვერვალად ითვლებოდა. მართალია, მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა გერმანიაშიც, და სახელდობრ, ფილადელფიაში გერმანელების მიერ განცდილი სამრეწველო კრახის შემდეგ[1] ფასი დაეკარგა თვით ძველგერმანულ კეთილმეშჩანურ წესსაც: ადამიანებს მხოლოდ აამებს, თუ მათ ჯერ კარგ ნიმუშებს გავუგზავნით, ხოლო შემდეგ — ცუდ საქონელსო. და მართლაც, ამ თაღლითობას და გაიძვერობას გასავალი აღარ აქვს დიდ ბაზარზე, სადაც დრო ფულია, სადაც განსაზღვრულ სიმაღლემდე განვითარდა კომერციული მორალი, გამომდინაოე არა სათნო ფანტაზიებიდან, არამედ უბრალო სურვილიდან: ფუჭად არ ჩაიაროს დრომ და შრომამ. და სწორედ ასეთივე ცვლილება მოხდა ინგლისში ფაბრიკანტების დამოკიდებულებაში მუშებთან.
1847 წლის კრიზისის შემდეგ საქმიანობის გამოცოცხლება ახალი სამრეწველო ეპოქის დასაწყისი იყო. პურის კანონების გაუქმებამ და აქედან აუცილებლად გამომდინარე შემდგომმა საფინანსო რეფორმებმა სასურველი გასაქანი მასცა ინგლისის ვაჭრობა-მრეწველობას. უშუალოდ ამას შემდეგ კალიფორნიისა და ავსტრალიის ოქროს საბადოები იქნა აღმოჩენილი. სულ უფრო და უფრო იზრდებოდა კოლონიური ბაზრების უნარი ინგლისის მრეწველობის პროდუქტების შეწოვისა. ლანკაშირის მექანიკურმა საქსოვმა დაზგამ ერთბაშად მოუღო ბოლო რამდენიმე მილიონ ინდოელ ფეიქარს. ჩინეთი თანდათან ღია ბაზრად იქცეოდა. მაგრამ ყველაზე მეტად ამერიკა ვითარდებოდა, ვითარდებოდა ისეთი სისწრაფით, რაც უმაგალითო იყო თვით ამ გიგანტური ტემპების ქეეყნისთვის; მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკა მაშინ მხოლოდ კოლონიური ბაზარი იყო და ამასთანავე ყველაზე დიდი ბაზართაგანი, ე. ი. ქვეყანა, რომელსაც გაჰქონდა ნედლეული და საზღვარგარეთიდან — ამ შემთხვევაში ინგლისიდან — შემოჰქონდა სამრეწველო პროდუქტები.
ყოველივე ამას თან დაერთო ისიც, რომ წინა პერიოდის დამლევს შემოღებული ახალი მიმოსვლის საშუალებანი — რკინიგზები და ოკეანის ორთქლის გემები — ახლა საერთაშორისო მასშტაბით განხორციელდა და ამით მათ ფაქტიურად შექმნეს ის, რაც აქამდე მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობდა: მსოფლიო ბაზარი. ეს მსოფლიო ბაზარი იმ დროს ჯერ კიდევ რამდენიმე უმთავრესად ან მარტოოდენ მიწათმოქმედი ქვეყნებისაგან შედგებოდა, რომლებიც შეჯგუფებულნი იყვნენ ერთი მსხვილი სამრეწველო ცენტრის — ინგლისის ირგვლივ. ინგლისი მოიხმარდა მათი ნედლეულის გარდამეტის უდიდეს ნაწილს და სამაგიეროდ აწვდიდა მათთვის საჭირო სამრეწველო ნაწარმთა მნიშვნელოვან ნაწილს. მაშასადამე, გასაკვირველი არ არის, რომ ინგლისის სამრეწველო პროგრესი კოლოსალური და გაუგონარი იყო, იმდენად ძლიერი, რომ 1844 წლის მდგომარეობა ამჟამად შედარებით უმნიშვნელოდ და თითქმის პირველყოფილად გვეჩვენება.
მაგრამ რა ზომითაც ეს პროგრესი ხდებოდა, იმავე ზომით მსხვილი ინდუსტრიაც, გარეგნული შეხედულებით, მორალური ხდებოდა. ფაბრიკანტების კონკურენცია ერთმანეთს შორის მუშების წვრილმანი გაქურდვით ხელსაყრელი აღარ იყო. მრეწველობის ზრდამ წინ გაუსწრო ფულის მოხვეჭის ამ უბადრუკ საშუალებებს; მილიონერ ფაბრიკანტს უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, ვიდრე ის, რომ დრო დაეკარგა ასეთ წერილმან თაღლითობაზე. ასეთი რამ გამოსადეგი იყო მხოლოდ ფულზე ხელმოკლე წვრილი ხალხისათვის, რომელიც ყოველ გროშს უნდა გამოდევნებოდა, რათა კონკურენციას არ წაელეკა, ასე გაქრა საფაბრიკო ოლქებიდან ეგრეთწოდებული truck system, ხოლო პარლამენტში გატარდა ბილი ათსაათიანი სამუშაო დღის შესახებ და აგრეთვე მთელი რიგი წვრილი რეფორმები; ყოველივე ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი ვაჭრობისა და აღვირახსნილი კონკურენციის სულს, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა მსხვილ კაპიტალისტს ნაკლებ ხელსაყრელ პირობებში მყოფ მის კოლეგებთან კონკურენციაში.
შემდეგ. რაც უფრო დიდია სამრეწველო საწარმო, რაც უფრო მეტი მუშაა მასში ჩაბმული, მით უფრო მეტია ზარალი და კომერციული სიძნელეები მუშებთან ყოველი კონფლიქტის დროს. ამიტომ დროთა ვითარებაში გაჩნდა ახალი სული ფაბრიკანტებს შორის, განსაკუთრებით მსხვილ ფაბრიკანტებში. მათ ისწავლეს ზედმეტი კინკლაობისთვის გვერდის ავლა, ანგარიშის გაწევა ტრედ-უნიონების არსებობისა და ძალისთვის და, ბოლოს, აღმოაჩინეს კიდევაც, რომ გაფიცვა, თუ ის თავის დროზეა მოწყობილი, მშვენიერი საშუალებაა მათი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ამან გამოიწვია, რომ მსხვილი ფაბრიკანტები, წინათ რომ ბელადობას ეწეოდნენ მუშათა კლასის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლა პირვილნი მოუწოდებდნენ მშვიდობიანობისა და ჰარმონიისაკენ. და საამისოდ მათ საკმაო საფუძველიც ჰქონდათ.
ყველა ეს დათმობა სამართლიანობისა და ადამიანობისადმი სინამდვილეში წარმოადგენდა მხოლოდ საშუალებას მცირეოდენთა ხელში კაპიტალის კონცენტრაციის დასაჩქარებლად და წვრილი კონკურენტების გასათელავად, რომელთაც ასეთი დამატებითი მოგების გარეშე არ შეეძლოთ არსებობა. მუშის იმ წვრილმანმა შევიწროებამ, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, არა მარტო დაჰკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა ამ მცირეოდენთათვის, არამედ ახლა ეს ფართოდ დაყენებული საწარმოს შემაფერხებელიც კი გახდა. ამრიგად, კაპიტალისტური წარმოების განვითარება თავისთავად საკმარისი შეიქნა, ყოველ შემთხვევაში მრეწველობის უმთავრეს დარგებში, — ვინაიდან ნაკლებმნიშვნელოვან დარგებში ეს სრულიადაც არ მომხდარა, — იმისათვის, რომ ყველა ის წვრილი შევიწროება მოსპობილიყო, რომელიც წინათ მუშის მდგომარეობას აუარესებდა. და, ამრიგად, თანდათან წინა რიგში დადგა ის უმთავრესი ძირითადი ფაქტი, რომ მუშათა კლასის სიღატაკის მიზეზი უნდა ვეძიოთ არა ცალკეულ ნაკლოვანებებში, არამედ თვით კაპიტალისტურ სისტემაში. მუშა თავის სამუშაო ძალას კაპიტალისტზე ჰყიდის განსაზღვრული დღიური ქირით. რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ იგი უკვე ახდენს ამ ქირის რეპროდუქციას. მაგრამ შრომითი ხელშეკრულების თანახმად მან კიდევ მთელი რიგი საათები უნდა იმუშაოს, რათა თავისი სამუშაო დღე შეავსოს. ღირებულება, რასაც ზედმეტი შრომა ამ დამატებით საათებში აწაომოებს, არის ზედმეტი ღირებულება, რომელიც კაპიტალისტს არად უღირს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ჯიბეში კი მიდის. ასეთია საფუძველი სისტემისა, რომელიც თანდათან უფრო ანაწევრებს ცივილიზებულ საზოგადოებას, ერთი მხრივ, რამდენიმე როტშილდად და ვანდერბილტად, წარმოების და მოხმარების ყველა საშუალებათა მესაკუთრეებად, ხოლო, მეორე მხრივ, — დაქირავებულ მუშათა ვეება მასად, მარტოოდენ თავიანთი სამუშაო ძალის მესაკუთრეებად. და რომ ამის მიზეზია არა ესა თუ ის მეორეხარისხოვანი სიდუხჭირე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თვით სისტემა, ეს ფაქტი ამჟამად ყველაზე ნათლადაა დამტკიცებული კაპიტალიზმის განვითარებით ინგლისში.
შემდეგ. ხოლერის, ტიფის, ყვავილის და სხვა ეპიდემიების მრავალგზისმა გავრცელებამ ნათლად დაანახვა ინგლისელ ბურჟუას აუცილებელი საჭიროება ქალაქების გაჯანსაღებისა, თუ მას არ სურს ამ ეპიდემიების მსხვერპლი გახდეს მთელ თავის ოჯახთან ერთად. ამიტომაა, რომ ამ წიგნში აღწერილი უსაშინელესი პირობები ამჟამად აღარ არსებობს, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად გვეცემა თვალში. მოწყობილია ან გაუმჯობესებულია კანალიზაცია, ფართო ქუჩებია გაყვანილი მთელ რიგ თვით უცუდეს უბნებშიც კი. “პატარა ირლანდია”[2] გაჰქრა, ჯერი ახლა “სევენ დაილზ”-ზეა[3] მიმდგარი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მაინც მთელი რაიონები, რომელნიც 1844 წ. მე კიდევ შემეძლო ამეწერა როგორც თითქმის იდილიური რაიონები, ამჟამად, ქალაქების ზრდასთან ერთად, ამგვარივე დაცემულ, აუტანელ და ღატაკურ პირობებშია ჩავარდნილი. მართალია, ახლა უკვე აღარ ითმენენ ღორებსა და ნაგვის გროვას. ბურჟუაზიამ შემდგომ წარმატებებს მიაღწია მუშათა კლასის ღატაკური მდგომარეობის შენიღბვის ხელოვნებაში, მაგრამ რაც შეეხება მუშათა ბინებს, ამ მხრივ რომ არსებითი გაუმჯობესება არ მომხდარა, ამას მოწმობს სამეფო კომისიის 1885 წ. ანგარიში “ღარიბთა საბინაო პირობების შესახებ”. და ასეთივე მდგომარეობაა სხვა მხრივაც. პოლიციის ბრძანებები პანტასავით ცვივა; მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ მუშათა სიღატაკის შემოფარგვლა, მოსპობა კი — არა.
მაგრამ მაშინ როდესაც ინგლისი გასცილდა ჩემს მიერ აღწერილი კაპიტალისტური ექსპლოატაციის ადრინდელ მდგომარეობას, სხვა ქვეყნებმა მხოლოდ ახლა მიაღწიეს მას. საფრანგეთი, გერმანია და უპირველეს ყოვლისა, ამერიკა საშიში მეტოქეები არიან, რომლებიც, როგორც ეს 1844 წელს წინასწარ განვჭვრიტე, თანდათან არღვევენ ინგლისის სამრეწველო მონოპოლიას. მათი მრეწველობა, ინგლისის მრეწველობასთან შედარებით, ახალგაზრდაა, მაგრამ იგი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს უკანასკნელი, და ამჟამად მან თითქმის განვითარების იმავე საფეხურს მიაღწია, რომელზედაც იყო ინგლისის მრეწველობა 1844 წელს. ამერიკის მიმართ ეს შედარება განსაკუთრებით საოცარია. რასაკვირველია, ამერიკის მუშათა კლასის ცხოვრების გარეგანი პირობები ფრიად განსხვავებულია, მაგრამ იქაც და აქაც ერთი და იგივე ეკონომიური კანონები მოქმედებს, და შედეგები, თუ ყოველმხრივ იდენტური არა, ერთი და იმავე რიგის მაინც უნდა იყოს. ამიტომ ვპოულობთ ამერიკაში იმავე ბრძოლას უფრო მოკლე, კანონით დაწესებული სამუშაო დღისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის ფაბრიკებში; ვპოულობთ პროდუქტებით ანაზღაურების სისტემის სრულ აყვავებას და კოტეჯების სისტემას სოფლად, რომელთაც მეწარმეები (bosses), კაპიტალისტები და მათი წარმომადგენლები მუშათა კლასის დამონების საშუალებად იყენებენ. როდესაც 1886 წელს ამერიკულ გაზეთებში ვკითხულობდი ცნობებს პენსილვანიელ მაღაროელთა დიდი გაფიცვის შესახებ კონელსვილის ოლქში, ასე მეგონა თითქოს ჩემს მიერ აღწერილ, ჩრდილოეთ ინგლისში 1844 წელს მომხდარ, ნახშირის მაღაროელთა გაფიცვას ვკითხულობდი. იგივე მოტყუება მუშებისა ყალბი ზომა-წონით; პროდუქტებით ანაზღაურების იკივე სისტემა; იგივე ცდა მოტეხონ მაღაროელთა წინააღმდეგობა კაპიტალისტების სულ უკანასკნელი გამანადგურებელი საშუალებით: მუშათა გამოსახლებით კომპანიის კუთვნილი ბინებიდან.
არც ამ გამოცემაში და არც ინგლისურში არ ვცდილვარ წიგნი შემეგუებინა საქმის ახლანდელი ვითარებისათვის, ე. ი. ცალ-ცალკე ჩამომეთვალა 1844 წლის შემდეგ მომხდარი ცვლილებები. ეს აიხსნება ორი გარემოებით. ჯერ ერთი, ამისთვის საჭირო გახდებოდა წიგნის მოცულობის ორჯერ გაზრდა. ხოლო მეორე, მარქსის “კაპიტალის” პირველ ტომში დაწვრილებითაა აღწერილი ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობა დაახლოებით 1865 წ., ე. ი. იმ დროისათვის, როდესაც ინგლისის სამრეწველო აყვავებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ასე რომ მე მომიხდებოდა მარქსის ნათქვამის გამეორება.
საჭიროც არაა იმის აღნიშვნა, რომ ამ წიგნში გატარებული საერთო თეორიული თვალსაზოისი — ფილოსოფიური, ეკონომიური და პოლიტიკური მხრივ — მთლიანად არ ემთხვევა ჩემს ახლანდელ თვალსაზრისს. 1844 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე ინტერნაციონალური სოციალიზმი, რომელიც მას შემდეგ მეცნიერებად განვითარდა უპირველეს ყოვლისა და თითქმის მხოლოდ მარქსის მიღწევების მეოხებით. ჩემი წიგნი მისი ემბრიონალური განვითარების მხოლოდ ერთ ფაზას წარმოადგენს. და როგორც ადამიანის ჩანასახი თავისი განვითარების უადრეს საფეხურებზე ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების — თევზების — ლაყუჩისებური რკალების რეპროდუქციას ახდენს, ასევე ეს წიგნი ყველგან ამჟღავნებს თანამედროვე სოციალიზმის წარმოშობის კვალს ერთ-ერთი მისი წინაპრიდან — გერმანული კლასიკური ფილოსოფიიდან. ასე, მაგ., წიგნში (განსაკუთრებით ბოლოში) დიდი დოზით არის მოცემული მტკიცება იმის შესახებ, რომ კომუნიზმი არის არა უბრალო პარტიული დოქტრინა მუშათა კლასისა, არამედ — თეორია, რომლის საბოლოო მიზანს შეადგენს მთელი საზოგადოების, კაპიტალისტების ჩათვლით, განთავისუფლება თანამედროვე ურთიერთობათა ვიწრო ჩარჩოებისაგან. აბსტრაქტული აზრით ეს მტკიცება სწორია, მაგრამ პრაქტიკაში იგი უსარგებლოა და კიდევ მეტიც. რამდენადაც მქონებელი კლასები არა თუ არ გრძნობენ განთავისუფლების მოთხოვნილებას, არამედ მთელი ძალღონითაც ეწინააღმდეგებიან მუშათა კლასის თვითგანთავისუფლებას, ამდენად მუშათა კლასმა დამოუკიდებლად უნდა მოამზადოს და განახხორციელოს სოციალური რევოლუცია. 1789 წ. ფრანგი ბურჟუებიც ბურჟუაზიის განთავისუფლებას მთელი კაცობრიობის განთავისუფლებად აცხადებდნენ; მაგრამ თავადაზნაურობას და სასულიერო წოდებას არ სურდა ამის დაჯერება; და თუმცა ეს მტკიცება მაშინ, რამდენადაც საქმე ფეოდალიზმს შეეხებოდა, უდავო აბსტრაქტულ ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, მალე იგი წმინდა სანტიმენტალურ ფრაზად გადაიქცა და მთლად გაჰქრა რევოლუციური ბრძოლის ცეცხლში. ამჟამადაც საკმაოდ მოიპოვებიან ადამიანები, რომელნიც ვითომდა თავიანთი მიუდგომელი თვალსაზრისის სიმაღლიდან მუშებს ყოველგვარ კლასობრივ წინააღმდეგობასა და კლასობრივ ბოძოლაზე მაღლა მდგომ სოციალიზმს უქადაგებენ. მაგრამ ასეთები ან გამოუცდელები არიან, რომლებმაც ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლონ, ანდა ისინი მუშათა კლასის დაუძინებელი მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები არიან.
დიდი სამრეწველო კრიზისების ციკლად ჩემს წიგნში აღებულია ხუთი წელი. ციკლის ხანგრძლივობის ასეთი განსაზღვრა გამომდინარეობდა მოვლენების მსვლელობიდან 1825 წლიდან 1842 წლამდე. მაგრამ მრეწველობის ისტორიამ 1842 წლიდან 1868 წლამდე დაამტკიცა, რომ ნამდვილად ეს პერიოდი ათწლიანია, რომ შუალედი კრიზისები მეორეხარისხოვანი ხასიათის იყო და 1842 წლიდან ისინი თანდათან გაჰქრნენ. 1868 წლიდან საქმის ვითარება ისევ შეიცვალა; მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ.
მე აზრადაც არ მომსვლია ტექსტიდან ამომეშალა მრავალი წინასწარმეტყველება და განსაკუთრებით წინასწარმეტყველება მოახლოებული სოციალური რევოლუციის შესახებ ინგლისში, რაც ჩემი ახალგაზრდული სიფიცხით იყო მაშინ ნაკარნახევი. არავითარი საფუძველი არა მაქვს იმისათვის, რომ ჩემი ნაშრომი და თვით საკუთარი თავი იმაზე უკეთ წარმოვიდგინო, ვიდრე ჩვენ ორივენი ვიყავით მაშინ. საკვირველი ის კი არაა, რომ მრავალი ამ წინასწარმეტყველებათაგანი არ ახდა, არამედ ის, რომ მრავალი მათგანი ასრულდა და ინგლისის მრეწველობის კრიტიკული მდგომარეობა, კონტინენტური და განსაკუთრებით ამერიკული კონკურენციის გამო, — რასაც მაშინ მართალია, მეტად ახლო მომავლისათვის ვწინასწარმეტყველებდი, მას შემდეგ მართლაც დადგა. ამ პუნქტის მხრივ მე ვალდებული ვარ წიგნი შევაფარდო საქმის თანამედროვე ვითარებას. ამ მიზნით აქ მოვიყვან ჩემს წერილს, რომელიც დაიბეჭდა ინგლისურად ჟურნალში “Commonweal” 1885 წლ. 1 მარტს და გერმანულად ჟურნალ “Neue Zeit”-ის იმავე წლის ივნისის ნომერში (მე-6 რეეული).
“ორმოცი წლის წინათ ინგლისი იდგა კრიზისის წინაშე, რომლის გადაჭრა, აშკარა იყო, რომ მხოლოდ ძალადობით შეიძლებოდა. მრეწველობის გიგანტურმა და სწრაფმა განვითარებამ დიდად წინ გაუსწრო უცხოეთის ბაზრების გაფართოებას და მოთხოვნის ზრდას. ყოველ ათ წელიწადში წარმოების განვითარება ძალადობით ირღვეოდა საყოველთაო სავაჭრო კრიზისით, რასაც, ქრონიკული შეფერხების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, თან მოსდევდა აყვავების ხანმოკლე პერიოდი, რათა დამთავრებულიყო ისევ ციებ-ცხელების ხასიათის ჭარბი წარმოებით და ბოლოს ახალი კრახით. კაპიტალისტთა კლასი ხმამაღლა მოითხოვდა ხორბლის ვაჭრობის თავისუფლებას და ამის მიღწევას იმუქრებოდა იმ მიზნით, რომ უკანვე დააბრუნებდა ქალაქების დამშეულ მოსახლეობას სოფლებში, საიდანაც ის მოვიდა, მაგრამ დააბრუნებდა, როგორც ჯონ ბრაიტჰა თქვა, “არა როგორც ილაჯგაწყვეტილს, რომელიც პურს მათხოვრობს, არამედ როგორც არმიას, რომელიც მტრის ტერიტორიაზე შლის ბანაკს”. ქალაქების მუშათა მასები მოითხოვდნენ მონაწილეობას პოლიტიკურ ხელისუფლებაში, მოითხოვდნენ სახალხო ქარტიას; მუშებს მხარს უჭერდა წვრილი ბურჟუაზიის უმრავლესობა, და მათ შორის ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ის იყო, ქარტია ძალადობის გზით მოეპოვებინათ თუ კანონის საშუალებით. ამასობაში დაიწყო 1847 წლის სავაჭრო კრიზისი და შიმშილობა ირლანდიაში, და ამათთან ერთად წარმოიშვა რევოლუციის პერსპექტივაც.
“1848 წლის საფრანგეთის რევოლუციამ იხსნა ინგლისის ბურჟუაზია. ძლევამოსილი ფრანგი მუშების სოციალისტურმა ლოზუნგებმა შეაშინა ინგლისის წვრილი ბურჟუაზია და დეზორგანიზაცია შეიტანა ინგლისის მუშათა მოძრაობაში, რაც ვიწრო, მაგრამ პრაქტიკულ ინტერესთა ფარგლებში სწარმოებდა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩარტიზმს მთელი თავისი ძალღონე უნდა განევითარებინა, მან შინაგანი მარცხი განიცადა, რაც წინ უსწრებდა მის გარეგან მარცხს 1848 წლის 10 აპრილს. მუშათა კლასის პოლიტიკური საქმიანობა უკანა რიგზე დადგა. კაპიტალისტთა კლასმა მთელ ფრონტზე გაიმარჯვა.
“1831 წლის საპარლამენტო რეფორმა წარმოადგენდა კაპიტალისტთა მთელი კლასის გამარჯვებას მიწათმფლობელ არისტოკრატიაზე. სახორბლო ბაჟების გაუქმება იყო მრეწველი კაპიტალისტების გამარჯვება არა მარტო მსხვილ მიწათმფლობელობაზე, არამედ კაპიტალისტთა იმ ჯგუფზეც, რომელთა ინტერესები მეტნაკლებ იდენტური ან მჭიდროდ დაკავშირებული იყო ამ მიწათმფლობელობის ინტერესებთან, ე. ი. ბანკირების, ბირჟის ხალხის, რანტიეთა და ა. შ. ინტერესებთან. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავდა გადატრიალებას ინგლისის მთელ საშინაო და საგარეო, საფინანსო და სავაჭრო პოლიტიკაში მრეწველი კაპიტალისტების ინტერესებთან შეფარდებით, — იმ კლასისა რომელიც ახლა ერს წარმომადგენლობდა. და ეს კლასი სერიოზულად შეუდგა საქმეს. სამრეწველო წარმოების ყოველგვარი დაბრკოლება დაუნდობლად ისპობოდა, საბაჟო ტარიფი და მთელი საგადასახადო სისტემა სრულიად გარდაიქმნა. ყოველივე დაემორჩილა ერთ მიზანს, მაგრამ ისეთ მიზანს, რომელსაც მრეწველი კაპიტალისტებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ყოვილგვარი ნედლი მასალის და განსაკუთრებით მუშათა კლასის ყოველგვარ საარსებო საშუალებათა გაიაფებას; ნედლი მასალის წარმოებას და ხელფასის დაბალ დონეზე შეჩერებას, თუ მის კიდევ უფრო შემცირებას არა. ინგლისი “მსოფლიო სახელოსნოდ” უნდა გადაქცეულიყო; მთელი დანარჩენი ქვეყნები ინგლისისთვის იგივე უნდა გამხდარიყო, რაც უკვე იყო ირლანდია, ე. ი. მის სამრეწველო ნაწარმთა გამსაღებელი ბაზარი და მისთვის ნედლი მასალისა და სურსათის მიმწოდებელი. ინგლისი — მიწათმოქმედი მსოფლიოს დიდი სამრეწველო, ცენტრი, მრეწველობის მზე, რომლის გარშემო ბრუნავს ხორბლისა და ბამბის მწარმოებელი პლანეტები, რომელთა რიცხვი თანდათან იზრდება. რა დიდებული სანახაობაა!
“მრეწველი კაპიტალისტები შეუდანენ ამ თავიანთი დიადი მიზნის განხორციელებას იმ ძლიერი, საღი გონებით და სიძულვილით ტრადიციული პრინციპებისადმი, რომლითაც ისინი მუდამ გამოირჩეოდნენ ფილისტერობით დაავადებული თავიანთი კონტინენტური კონკურენტებისაგან. ჩარტიზმი სულს ღაფავდა. სამეურნეო საქმიანობის ხელახლა აყვავებას, რაც ბუნებოივი და თითქმის გარდაუვალი იყო 1847 წლის კრახის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას მიაწერდნენ. ამ ორი გარემოების გამო ინგლისის მუშათა კლასი გახდა პოლიტიკური მაჩანჩალა “დიდი ლიბერალური პარტიისა”, რომელსაც ფაბრიკანტები ხელმძღვანელობდნენ. ეს ერთხელ მიღწეული ხელსაყრელი მდგომარეობა უნდა გამარადისებულიყო. ჩარტისტების მხურვალე ოპოზიციამ არა თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ, არამედ ერის ერთადერთ სასიცოცხლო საკითხად ამ თავისუფალი ვაჭრობის გადაქცევის წინააღმდეგ, ფაბრიკანტებს დაანახვა და დღითიდღე უფრო და უფრო უჩვენებს იმას, რომ მუშათა კლასის დაუხმარებლად ბურჟუაზია ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულ სოციალურ და პოლიტიკურ ბატონობას ერზე. ასე თანდათან იცვლებოდა ორივე კლასის ურთიერთდამოკიდებულება. საფაბრიკო კანონები, რაც ერთ დროს საფრთხობელა იყო ფაბრიკანტებისათვის, ახლა მათ მიერ არა მარტო ნებაყოფლობით სრულდებოდა, არამედ, მეტნაკლებ, მრეწველობის ყველა დარგზე გავრცელდა. ტრედ-უნიონებს, მცირე ხნის წინათ ჯერ კიდევ სახელგატეხილთ როგორც ჯოჯოხეთის ქმნილებას, ფაბრიკანტები ახლა ელოლიავებოდნენ და მფარველობას უწევდნენ, როგორც უაღრესად კანონიერ დაწესებულებებს და სასარგებლო საშუალებას მუშებში საღ ეკონომიურ შეხედულებათა გასავრცელებლად. გაფიცვებიც კი, რონელთაც ისინი 1848 წლავდე ებრძოდნენ, ახლა ზოგჯერ ფრიად სასარგებლოდ იქნა მიჩნეული, განსაკუთრებით თუ ბატონი ფაბრიკანტები თვით გამოიწვევდნენ მათ თავიანთთვის ხელსაყრელ დროს. იმ კანონებიდან, რომლებიც მუშას ართმევდნენ თანაბარ უფლებას მის დამქირავებელთან შედარებით, ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი კანონები მაინც გაუქმდა; ხოლო ოდესღაც საშიში სახალხო ქარტია ძირითადად იმავე ფაბრიკანტების პოლიტიკურ პროგრამად გადაიქცა, რომლებიც უკანასკნელ დრომდე მის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ. საარჩევნო ცენზის გაუქმება და საიდუმლო კენჭისყრა საკანონმდებლო წესით გატარდა. 1867 და 1884 წლების საპარლამენტო რეფორმა ძლიერ უახლოვდება საყოველთაო საარჩევნო უფლებას, ყოველ შემთხვევაში ისეთს, როგორიც ამჟამად გერმანიაში არსებობს; საარჩევნო ოლქების პროექტი, რომელსაც პარლამენტი ამჟამად იხილავს, თანაბარ საარჩევნო ოლქებს ქმნის, ყოველ შემთხვევაში საერთოდ არანაკლებ თანაბარს, ვიდრე არის საფრანგეთსა ან გერმანიაში. უახლოესი მომავლის უცილობელ მონაპოვრად დაისახა დეპუტატებისათვის გასამრჯელოს მიცემა და უფრო მოკლე ხანგრძლივობა მანდატებისა, თუ პარლამენტის ყოველწლიურად არჩევა არა; და, ყოველივე ამასთან ერთად არიან ადამიანები, რომელნიც ამბობენ ჩარტიზმი მოკვდაო.
“1848 წლის რევოლუციას, როგორც მრავალ მის წინამორბედს, საოცარი ბედი ხვდა. როგორც კარლ მარქსი იტყოდა, იგივე ადამიანები, რომლებმაც იგი დათრგუნეს, მისივე ანდერძის აღმსრულებელნი გახდნენ. ლუი ნაპოლეონი იძულებული იყო ერთიანი და დამოუკიდებელი იტალია შეექმნა; ბისმარკი იძულებული იყო ერთგვარი გადატრიალება მოეხდინა გერმანიაში და უნგრეთისთვის განსაზღვრული დამოუკიდებლობა მიეცა, ხოლო ინგლისელ ფაბრიკანტებს სხვა არაფერი რჩებოდათ, თუ არ ის, რომ სახალხო ქარტიისთვის კანონის ძალა მიეცათ.
“მრეწველი კაპიტალისტების ამ ბატონობის შედეგები ინგლისისთვის პირველად განსაცვიფრებელი იყო. მრეწველობა ისევ გამოცოცხლდა და თანამედროვე მრეწველობის ამ აკვნისათვისაც კი გაუგონარი სისწრაფით განვითარდა. ორთქლის და მანქანების გამოყენებით მიღებული ყველა წინანდელი დიდი წარმატებანი არარაობას წარმოადგენდა წარმოების უმძლავრეს აღორძინებასთან შედარებით ოცი წლის განმავლობაში, 1850 წლიდან 1870 წლამდე, შეზიდვა-გაზიდვის ვეება ციფრებით, კაპიტალისტების ხელში დაგროვილი უამრავი სიმდიდრით და გიგანტურ ქალაქებში კონცენტრირებული ადამიანთა სამუმაო ძალით. მართალია, ეს აღმავლობა წყდებოდა, როგორც წინათ, კრიზისების გამეორებით ყოველ ათ წელიწადში; კრიზისი დადგა 1857 წელს და 1866 წელსაც; მაგრამ ასეთი შეწყვეტა ითვლებოდა როგორც ბუნებრივი გარდაუვალი მოვლენა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია და რაც, ბოლოს და ბოლოს, ისევ მოწესრიგდება.
“როგორი იყო მუშათა კლასის მდგომარეობა ამ პერიოდში? გაუმჯობესება დგებოდა ხანგამოშვებით, უმრავლესობისთვისაც კი. მაგრამ ეს გაუმჯობესება ყოველთვის ისევ ძველ დონეზე დაიყვანებოდა უმუშევართა რეზერვიდან მოდენილი დიდი მასის, ახალი მანქანების მიერ მუშების განუწყვეტელი გაძევებისა და იმ სოფლის მეურნეობის მუშების ქალაქად გადმოსახლების გამო, რომლებსაც ახლა მანქანები აგრეთვე თანდათან აძევებდნენ.
“ხანგრძლივ გაუმჯობესებას ვპოულობთ მუშათა კლასის მხოლოდ ორ პრივილეგიურ ჯგუფში. პირველი მათგანია საფაბრიკო მუშები. კანონის მიერ თუნდაც შედარებით რაციონალული სამუშაო დღის დაწესებამ მათი ფიზიკური ჯანმრთელობა ისევ აღადღგინა და მათ ერთგვარი მორალური უპირატესობა მისცა, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს მათი კონცენტრაცია ერთ ადგილას. მათი მდგომარეობა, ეჭვს გარეშეა, უკეთესია, ვიდრე 1848 წლამდე იყო. ამის საუკეთესო დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ მათ მიერ მოწყობილი ყოველი ათი გაფიცვიდან ცხრა თვით ფაბრიკანტების მიერ არის ხოლმე გამოწვეული საკუთარი ინტერესებისათვის, როგორც ერთადერთი საშუალება წარმოების შესაზღუდავად. თქვენ ვერასოდეს ვერ დაითანხმებთ ფაბრიკანტებს, რომ მათ სამუშაო დრო შეამცირონ, თუნდაც მათი საქონელი გაუსაღებელი რჩებოდეს; მაგრამ მუშები თუ გაფიცვას გამოაცხადებენ, ყველა კაპიტალისტი გამოუკლებლივ თავის ფაბრიკას დახურავს.
“მეორე ჯგუფია მსხვილი ტრედ-უნიონები. ეს არის ორგანიზაციები წაომოების ისეთ დარგებში, სადაც მარტოოდენ ან მეტწილად ასაკოვანი მამაკაცების შრომა გამოიყენება. მათი ორგანიზაციული ძალის გატეხვა აქამდე ვერ შეძლო ვერც ქალებისა და ბავშვების შრომისა და ვერც მანქანების კონკურენციამ. მანქანათმშენებელი მუშების, ხუროების, დურგლების და ამშენებელი მუშების — თვითეული მათგანის ორგანიზაცია თავისთავად იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, როგორც ამას, მაგ., ამშენებელი მუშები ჩადიან, წარმატებით გაუწიონ , წინააღმდეგობა მანქანების შემოღებას. მათი მდგომარეობა, უეჭველია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1848 წლის შემდეგ; ამას საუკეთესოდ მოწმობს ის გარემოება, რომ თხუთმეტ წელზე მეტია, რაც არა მარტო დამქირავებელნი ემადლიერებიან მათ, არამედ ისიხი მეტისმეტად კმაყოფილი არიან დამქირავებლებით. ისინი არისტოკრატიას წარმოადგენენ მუშათა კლასში; მათ შეძლეს შედარებით კომფორტაბელური მდგომარეობის მოპოვება, და ეს მდგომარეობა მათ საბოლოოდ მიაჩნიათ. ესენი არიან ბატონების ლეონე ლევის და გიფენის (აგრეთვე პატივცემული ლუიო ბრენტანოს) სამაგალითო მუშები, და ისინი მართლაც ფრიად საამო და დასაყოლიებელი ადამიანები არიან ყოველი გონიერი კაპიტალისტისთვის, კერძოდ, და კაპიტალისტთა კლასისთვის, საერთოდ.
“მაგრამ რაც შეეხება მუშათა ფართო მასებს, მათი სიღატაკის და არსებობის არაუზრუნველყოფილობის დონე ამჟამადაც იგივეა, თუ უფრო დაბალი არა, რაც წინათ იყო. ლონდონის ისტ ენდი წარმოადგენს თანდათან გაფართოებულ ჭაობს უსაზღვრო სიღატაკის, სასოწარკვეთილებისა და შიმშილობისა — უმუშევრობის პერიოდში, ხოლო ფიზიკური და მორალური დაცემისა — მუშაობის დროს. და იგივეა ყველა სხვა დიდ ქალაქში, მუშათა პრივილეგიური უმცირესობის გამოკლებით; იგივეა წვრილ ქალაქებსა და სოფლებში. კანონი, რომელიც სამუშაო ძალის ღირებულებას ზღუდავს აუცილებელ საარსებო საშუალებათა ფასით, და მეორე კანონი, რომელსაც, როგორც წესი, ამ ძალის საშუალო ფასი საარსებო საშუალებათა მინიმუმზე დაჰყავს, — ორივე ეს კანონი მოქმედებს იმ ავტომატური მანქანის უძლეველი ძალით, რომელიც მუშებს თავისი ბორბლებით სრესს.
“ასეთი იყო, მაშასადამე, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკით შექმნილი მდგომარეობა 1847 წლიდან და სამრეწველო კაპიტალისტების ბატონობით ოცი წლის განმავლობაში. მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შებრუნდა. 1866 წლის კრიზისის შემდეგ, მართლაც დადგა მოკლე და სუსტი სამეურნეო გამოცოცხლება დაახლოებით 1873 წელს; მაგრამ ეს დიდხახს არ გაგრძელებულა. მართალია, სრული კრიზისი არ დამდგარა მაშინ, როცა ეს მოსალოდნელი იყო — 1877 ან 1876 წელს, მაგრამ 1876 წლიდან მრეწველობის ყველა მთავარი დარგი ქრონიკულ შეფერხებულ მდგომარეობაშია. არ დგება არც სრული კრახი და არც დიდი ხნის სანუკვარი სამეურნეო აყვავება, რომლის მოლოდინის უფლება ჩვენ გვქონდა როგორც კრახის დადგომამდე, ისე მის შემდეგ. მომაკვდინებელი შეფერხება, ქრონიკული ავსება ყველა დარგის ყველა ბაზრისა, — ასეთია მდგომარეობა, რომელშიც უკვე დაახლოებით ათი წელია ვცხოვრობთ. საიდან წარმოდგება იგი?
“თავისუფალი ვაჭრობის თეორიის საფუძველს შეადგენდა შემდეგი დებულება: ინგლისი უნდა შეიქნეს მიწათმოქმედი მსოფლიოს ერთადერთი დიდი სამრეწველო ცენტრიო. მაგრამ ფაქტებმა ეს მოლოდინი სრულიადაც არ გაამართლა. თანამედროვე მრეწველობის პირობები — ორთქლის ძალა და მანქანა — შეიძლება ყველგან შეიქმნას, სადაც კი მოიპოვება საწვავი მასალა, განსაკუთრებით ნახშირი; ხოლო ნახშირი, ინგლისს გარდა, მოეპოვება სხვა ქვეყნებსაც: საფრანგეთს, ბელგიას, გერმანიას, ამერიკას თვით რუსეთსაც კი. და ამ ქვეყნებში ადამიანები სრულიადაც არ არიან იმ აზრის, რომ ისინი, ინგლისელი კაპიტალისტების დიდებისა და სიმდიდრის გულისათვის ირლანდიელ დამშეულ მოიჯარეებად გადაიქცნენ. მათ ააგეს ფაბრიკები და იწყეს წარმოება არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის; და ამის შედეგად სამრეწვილო მონოპოლია, რასაც ინგლისი თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში ფლობდა, ამჟამად სამუდამოდ მოისპო.
“მაგრამ ინგლისის სამრეწველო მონოპოლია ინგლისში არსებული საზოგადოებრივი წყობილების ქვაკუთხედია. ამ მონოპოლიის ბატონობის დროსაც კი ბაზრების გაფართოება კვალდაკვალ ვერ მისდევდა ინგლისის მრეწველობის მზარდ პროდუქტიულობას; ამის შედეგი იყო კრიზისები ყოველ ათ წელიწადში. ამჟამად კი ახალი ბაზრები დღითიდღე იშვიათად ჩნდება, იმდენად იშვიათად, რომ ცდილობენ თვით კონგოს ზანგებსაც კი თავს მოახვიონ ცივილიზაცია მანჩესტერის ჩითის, სტაფორდშირის თიხის ჭურჭლეულის და ბირმინგამის ლითონის ნაწარმთა სახით. რაღა იქნება მაშინ, როცა კონტინენტური და განსაკუთრებით ამერიკული საქონლის მზარდი მასა გამოვა ბაზარზე, როდესაც ლომის წილი, რაც ჯერ კიდევ ინგლისის ფაბრიკებს ეკუთვნის მსოფლიოს მომარაგებაში, წლიდან წლამდე შემცირდება. დაე, ამას პასუხი გასცეს თავისუფალმა ვაჭრობამ, ამ უნივერსალურმა საშუალებამ!
“მე არა ვარ პირველი, რომელიც ამას აღნიშნავს. უკვე 1883 წელს, ბრიტანეთის ასოციაციის ყრილობაზე საუტპორტში ეკონომიური სექვიის პრეზიდენტმა ბ-მა ინგლის პალგრეივმა პირდაპირ განაცხადა, რომ მსხვილ მოგებათა მიღების დღეები ინგლისში უკვე გაქრა და მრეწველობის სხვადასხვა მსხვილ დარგთა შემდგომი განვითარება შეჩერდაო. თითქმის იმის თქმაც შეიძლება, რომ ინგლისი უძრავ მდგომარეობაში გადადის.
“მაგრამ რით დაბოლოვდება ყოველივე ეს? კაპიტალისტურ წარმოებას არ შეუძლია სტაბილური იყოს, იგი უნდა იზრდებოდეს და ფართოვდებოდეს, ანდა — უნდა მოკვდეს, უკვე ამჟამად ინგლისის ხვედრი ლომის წილის შეზღუდვა მსოფლიო ბაზრის მომარაგებაში ნიშნავს შეფერხებას, სიღატაკეს, კაპიტალის სიჭარბეს, ერთი მხრივ, და უსაქმო მუშათა სიჭარბეს, მეორე მხრივ. რაღა იქნება, როდესაც წარმოების წლიური მატება სრულიად შეწყდება? ეს არის კაპიტალისტური წარმოების აქილევსის ტერფი. მისი სასიცოცხლო პირობაა მუდმივი გაფართოების აუცილებლობა, და ეს მუდმივი გაფართოება ახლა შეუძლებელი ხდება. კაპიტალისტური წარმოება გამოუვალ ჩიხში ემწყვდევა. ყოველ წელს ინგლისის წინაშე სულ უფრო და უფრო მკვეთრად დგება საკითხი: ან ერი უნდა დაიღუპოს, ან კაპიტალისტური წარმოება. რომელს შეხვდება ამ ორში ეს ხვედრი?
“რა ითქმის მუშათა კლასზე? თუ ვაჭრობისა და მრეწველობის გაუგონარი აყვავების დროსაც კი, 1848 წლიდან 1868 წლამდე, მან ასეთი სიღატაკე გამოიარა, თუ მაშინაც კი მუშათა დიდი უმრავლესობისათვის, უკეთეს შემთხვევაში მდგომარეობის მხოლოდ დროებითი გაუმჯობესება დადგა, და მხოლოდ უმნიშვნელო, პრივილეგიურმა და “მფარველობაგაწეულმა” უმცირესობამ მიიღო ხანგრძლივი გაუმჯობესება, რაღა იქნება მაშინ, როდესაც ეს ბრწინვალე პერიოდი საბოლოოდ დამთავრდება, როდესაც თანამედროვე შევიწროებული მდგომარეობა არა მარტო უფრო გაძლიერდება, არამედ როდესაც მომაკვდინებელი შეფერხების მზარდი მდგომარეობა ინგლისის მრეწველობის ქრონიკულ, ნორმალურ მდგომარეობად გადაიქცევა.
“ჭეშმარიტება ასეთია: სანამ ინგლისის სამრეწველო მონოპოლია გრძელდებოდა, ინგლისის მუშათა კლასი განსაზღვრული ზომით მონაწილეობას იღებდა ამ მონოპოლიით გამოწვეულ სარგებლობაში. ეს სარგებელი მუშებში მეტად არათანაბრად ნაწილდებოდა: პრივილეგიური უმცირესობა ნთქავდა მის დიდ ნაწილს, მაგრამ, ხანგამოშვებით, უმრავლესობასაც ცოტა რამ ხვდებოდა, ამიტომ მოხდა, რომ ოუენიზმის გაქრობის შემდეგ ინგლისში აღარ იყო სოციალიზმი. მონოპოლიის მოსპობასთან ერთად ინგლისის მუშათა კლასის ეს პრივილეგიური მდგომარეობა მოისპობა. ერთ მშვენიერ დღეს იგი, პრივილეგიური და ხელმძღვანელი უმცირესობის გამოუკლებლად, დაინახავს, რომ იმავე დონეზეა, როგორც სხვა ქვეყნების მუშები. და ამიტომ ინგლისში სოციალიზმი ისევ გაჩნდება”.
ასე ვწერდი 1885 წელს. ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში 1892 წლის 11 იანვარს მე განვაგრძობდი:
“მხოლოდ ცოტა რამ მინდა დავუმატო საქმის ვითარების იმ აწერილობას, რომელიც მე 1885 წ. წარმოვადგინე. საჭიროც არაა იმის თქმა, რომ ამჟამად “ინგლისში სოციალიზმი მართლაც ისევ გაჩნდა”, გაჩნდა მასობრივად: ყოველნაირი ელფერის სოციალიზმი, სოციალიზმი შეგნებული და შეუგნებელი, სოციალიზმი პროზაში და პოეზიაში, სოციალიზმი მუშათა კლასისა და ბურჟუაზიისა, მართლაც ეს ყოველგვარ საფრთხობელაზე უფრო საფრთხობელა, სოციალიზმი, არათუ რესპექტაბელური შეიქმნა, არამედ კოხტადაც გამოეწყო და არხეინად გამოიჭიმა სალონების სავარძლებში. ეს ერთხელ კიდევ იმას მოწმობს, რაოდენ გაუსწორებლად მერყევია “კარგი საზოგადოების” ეს საშინელი დესპოტი, ბურჟუაზიული საზოგადოებრივი აზრი, და კიდევ ზედმეტად ამართლებს იმ სიძულვილს, რომლითაც ჩვენ, წარსული თაობის სოციალისტები, მუდღამ ვიყავით გამსჭვალული მის მიმართ. თუმცა, ესეცაა, ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს უკმაყოფილონი ვიყოთ ამ ახალი სიმპტომით.
“მაგრამ გაცილებით უფრო მნიშენელოვანად, ვიდრე ამ წუთიერ მოდას, მე ვთვლი ამ წყალ-წყალა სოციალიზმით ბურჟუაზიულ წრეებში თავმომწონეობას, — ხოლო ლონდონის ისტ ენდის გამოფხიზლება, ინგლისში საერთოდ სოციალიზმის წარმატებებზე უფრო მნიშკნელოვანიც კია. უკიდურესი სიღატაკის ეს ცენტრი უკვე აღარ წარმოადგენს დამდგარ ჭაობს, როგორც იგი ამ ექვსი წლის წინათ იყო. თავისი გარინდებული სასოწარკვეთილება მან თავიდან მოიშორა: იგი აღსდგა და “ახალი უნიონიზმის”, ე. ი. “არაკვალიფიციურ” მუშათა ფართო მასების ორგანიზაციის კერად გადაიქცა. თუმცა ამ ორგანიზაციამ, ზოგიერთი მხრივ, “კვალიფიციული” მუშების ძველი კავშირების ფორმა მიიღო, მაგრამ არსებითად იგი მაინც სხვა ხასიათისაა. ძველი კავშირები ინარჩუნებენ იმ ეპოქის ტრადიციებს, როდესაც ისინი წარმოიშვნენ; დაპირავებული შოომის სისტემა მათ მიაჩნიათ როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, მარადიული ფაქტი, რომელიც მათ, უკეთეს შემთხვევაში, შეუძლიათ მოლოდ შეარბილონ თავიანთ წევრთა ინტერესების სასარგებლოდ. ახალი კავშირები კი, პირიქით, ისეთ დროს წარმოიშვნენ როდესაც ხელფასის სისტემის მარადულობის რწმენა უკვე საგრძნობად შეირყა, მათი დამაარსებელნი და ხელმძღვანელნი შეგნებული სოციალისტები იყვნენ ან სოციალისტები გრძნობით; მასები, რომლებიც მათკენ მიისწრაფიან და რომლებსაც ემყარება მათი ძალა, ტლანქი, გაუთლელი იყვნენ და მუშათა კლასის არისტოკრატია მათ ზევიდან დაცქეროდა. მაგრამ მათ ერთი განუზომელი უპირატესობა აქვთ: მათი გონება ჯერ კიდევ ხელუხლებელ ნიადაგს წარმოადგენს, სრულიად თავისუფალს მემკვიდრეობით გადმოცემულ, “რესპექტაბელურ” ბურჟუაზიულ ცრურწმენათაგან, რაც პრივილეგიურ “ძველ უნიონისტებს” თავს რეტს ასხამდა. და ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ახალი კავშირები თანდათან, სათავეში უდგებიან მუშათა მოძრაობას საერთოდ და თან მდიდარ და ამაყ “ძველ” ტრედ-უნიონებს ბუქსირით ეზიდებიან.
“ეჭვს გარეშეა, ლონდონის ისტ ენდის მოღვაწეებმა კოლოსალური შეცდომები დაუშვეს; მაგრამ იგივე ჩაიდინეს მათმა წინამორბედებმაც, ამასვე სჩადიან ამჟამად დოქტრინერი სოციალისტები, რომელნიც მათ წინაშე ცხვირს მაღლა იწევენ. დიდი კლასი, ისე როგორც დიდი ერი, არაფერზე არ სწავლობს ისე სწრაფად, როგორც საკუთარი შეცდომების შედეგებზე. და მიუხედავად ყოველგვარი შეცდომისა წარსულში, აწმყოში, და მომავალში, ლონდონის ისტ ენდის გამოფხიზლება რჩება როგორც ერთ-ერთი უდიდესი და უნაყოფიერესი მოვლენა ჩვენი საუკუნის დასასრულისა, და მოხარული ვარ და ვამაყობ, ამას რომ მოვესწარი”.
მას შემდეგ, რაც ეს სტრიქონები დავწერე ექვსი თვე გავიდა, და ინგლისის მუშათა მოძრაობამ ისევ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ დამთავრდა, ნათლად უჩვენა ორივე ოფიციალურ პარტიას, კონსერვატორებსა და ლიბერალებს, რომ მათ ახლა ანგარიში უნდა გაუწიონ მესამე პარტიას, მუშათა პარტიას. ეს მუშათა პარტია მხოლოდ ახლა ყალიბდება და მას ჯერ კიდევ უხდება ყოველგვარ მემკვიდრეობით გადმოცემულ შეხედულებათა — ბურჟუაზიულ, ძველუნიონისტურ და დოქტრინერულ სოციალისტურ შეხედულებათა — თავიდან მოშორება, რათა, დაბოლოს, შესაძლებელი გახდეს ყველასათვის საერთო ნიადაგზე გაერთიანება. და, მიუხედავად ამისა, მათი გამაერთიანებელი ინსტინქტი უკვე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მან ინგლისისთვის აქამდე გაუგონარი საარჩევნო შედეგები მოიტანა. ლონდონში თავის კანდიდატურას აყენებს ორი მუშა და ორივე თავს აშკარად აცხადებს სოციალისტად; ლიბერალებმა ვერ გაბედეს მათ წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატები წამოეყენებინათ, და ეს ორი სოციალისტი, ხმის დიდი, მოულოდნელი უმრავლესობით გავიდა. მიდლსბროში მუშა-კანდიდატი გამოვიდა ლიბერალისა და კონსერვატორის წინააღმდეგ და ორივეზე გაიმარჯვა; მუშათა ახალმა კანდიდატებმა კი, რომლებიც ლიბერალებთან კავშირს ჰკრავდნენ, ერთის გარდა, ყველამ მარცხი განიცადა. წინანდელი ეგრეთწოდებული მუშათა წარმომადგენლებიდან, ე. ი. იმათგან, რომელთაც შეუნდობენ იმას, რომ ისინი მუშათა კლასს ეკუთვნიან, რადგან თვით ისინი სიამოვნებით ჩაახრჩობდნენ მათს ასეთ წარმოშობას თავიანთი ლიბერალიზმის ოკეანეში, ძველი უნიონიზმის ყველაზე გამოჩენილმა წარმომადგენელმა, ჰენრი ბროდჰერსტმა, სრული მარცხი განიცადა იმიტომ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღის წინააღმდეგ გამოვიდა. გლაზგოს ორ საარჩევნო ოლქში, სალფორდის ერთ სარჩევნნო ოლქში და რამდენიმე სხვა ოლქში მუშათა დამოუკიდებელი კანდიდატები გამოვიდნენ ორივე ძველი პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ; მათ მარცხი განიცადეს. მაგრამ დამარცხდნენ აგრეთვე ლიბერალების კანდიდატებიც. ერთი სიტყვით, მსხვილი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში მუშები გადაჭრით გამოვიდნენ ორივე ძველ პარტიასთან ყოველგვარი კავშირის წინააღმდეგ და პირდაპირ თუ არაპირდაპირ ისეთ შედეგებს მიაღწიეს, რომლის მსგავსს ადგილი არ ჰქონია აქამდე არც ერთ არჩევნებში. და მუშათა სიხარული ამის გამო აუწერელია. მათ პირველად დაინახეს და იგრძნეს, რა შეუძლიათ, თუ თავიანთ საარჩევნო უფლებას თავისი კლასის ინტერესებისათვის გამოიყენებენ. ცრურწმენა “დიდი ლიბერალური პარტიისადმი”, რაც ინგლისის მუშებში თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ბატონობდა, დაირღვა. მუშებმა დამაჯერებელი მაგალითებიდან დაინახეს, რომ ისინი, გადამჭრელ ძალას წარმოადგენენ ინგლისში, თუ მათ სურთ და იციან, რაც სურთ; 1892 წლის არჩევნები ამ ცოდნის და სურვილის დასაწყისია. დანარჩენზე კონტინენტის მუშათა მოძრაობა იზრუნებს; გერმანელები და ფრანგები, რომელთაც პარლამენტებში და მუნიციპალურ საბჭოებში უკვე ასე მრავალი წარმომადგენელი ჰყავთ, თავიანთი შემდგომი წარმატებით საკმაო შეჯიბრებას გამოიწვევენ ინგლისელებში. და როდესაც უკვე ახლო მომავალში აღმოჩნდება, რომ ამ ახალ პარლამენტს არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ბ-ნ გლადსტონთან და ბ-ნ გლადსტონს — ამ პარლამენტთან, ინგლისის მუშათა პარტია მაშინ უკვე იმდენად ორგანიზებული იქნება, რომ ბოლოს მოუღებს ამ ორი ძველი პარტიის ქანაობიას თამაშს, რომელნიც ერთიმეორეს ცვლიან მართველობის საჭესთან, რათა გაამარადისონ ბურჟუაზიის ბატონობა.
[1] ფილადელფიაში (აშშ) 1876 წ. მოეწყო მსოფლიო სამრეწველო გამოფენა. [რედაქცია]
[2] მანჩესტერის ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოუწყობელი მუშათა უბანი XIX საუკუნის 40-იან წლებში. [რედაქცია]
[3] მუშათა უბანი ლონდონის ცენტრში. [რედაქცია]